Thursday, 28 July 2016

თარგმანების კრებული ”ქალაქი - კრიტიკული შესავალი”


აქ შეგძლიათ გადმოტვირთოთ ჩვენს მიერ 2014 წელს გამოცემული თარგმანების კრებულის ”ქალაქი - კრიტიკული შესავალი”-ს 

ელექტრონული ვერსია

აქვე გთავაზობთ კრებულის წინასიტყვაობას 



ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველოში ურბანული პრობლემების მიმართ კრიტიკული მგრძნობელობა საკმაოდ გაიზარდა. ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ედოს საფუძვლად: კაპიტალისტური ურბანიზაციისათვის დამახასიათებელი ნიშნების კრისტალიზაცია, ხელისუფლების უუნარობა გადაჭრას ელემენტარული ურბანული პრობლემები, ზოგადად, ”სამოქალაქო საზოგადოების” გააქტიურება და სხვა. ამის მიუხედავად, სხვადასხვა აქტივისტურ ჯგუფებში, მედიაში, აკადემიასა თუ პოლიტიკურ წრეებში ქალაქზე, და, უფრო ზოგადად, განაშენიანებულ გარემოზე რეფლექსია ხშირად ზედაპირულ დონეზე მიმდინარეობს. საპროტესტო კამპანიის პირობებში საკითხების პრობლემატიზაციისას თუ სხვადასხვა სივრცეში ურბანულ თემატიკაზე შემდგარი დისკუსიების პირობებში, ქალაქის, როგორც კომპლექსური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციო-სივრცითი მთლიანობის გააზრება ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, ხშირად, დისკუსია კონკრეტულ, იზოლირებულ საკითხებს ვერ სცილდება და ვერ ახერხებს მათი  პოლიტეკონომიური განმაპირობებლების კრიტიკულ წვდომას. ასეთი საკითხები შეიძლება იყოს ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ან/და მწვანე საფარის ფიზიკური შენარჩუნება, ტრანსპორტთან და ფეხით მოსიარულეებთან დაკავშირებული პრობლემები,  უხეში ჩარევები ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოში და სხვა.

თავისთავად, ზემოთ აღნიშნული პრობლემები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქების სოციალურად და ეკონომიკურად სამართლიანი განვითარებისათვის, მაგრამ პრობლემატიზაციის ის ხარისხი, რომლითაც მათ საჯარო სივრცეში წარმოადგენენ დაინტერესებული ჯგუფები თუ ინდივიდები, რბილად რომ ვთქვათ, უაღრესად ნაივურია. ასეთი ზედაპირული მიდგომითა და საკითხების ფართო კონტექსტიდან გამოცალკევებით კი ძნელი წარმოსადგენია რაიმე ფასეული შედეგის მიღწევა.

ამას გარდა, არსებული დომინანტური ურბანული დისკურსის ცენტრალური თემები მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ ღრმა პრობლემატიკისა, რომელიც დღეს ჩვენს ქალაქებში დგას. ეს დისკურსი ფარავს მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც აქაურ ლიბერალურ ურბანულ საშუალო კლასს აწუხებს და შესაბამისად მათი პრობლემატიზაციაც ამ  თავსმოხვეულ დისკურსულ ჩარჩოში ხორციელდება - ფარგმენტულად, ზედაპირულად და კონტექსტიდან იზოლირებულად. თითქმის არავინ საუბრობს ქალაქებში არსებულ ღია  სოციალურ უთანასწორობასა და შესაბამისად, კლასობრივ და სივრცით სეგრეგაციაზე, ცენტრებსა და პერიფერიებს შორის არსებულ დაძაბულობაზე, ურბანული პროლეტარიატის პირობებზე, მუნიციპალური რესურსების გადანაწილების საკითხებზე, რეალობასთან შეუსაბამო საგადასახადო პოლიტიკაზე, ქალაქების ეკონომიკური თუ სოციალური ადმინისტრირების პოსტმოდერნულ ლოგიკაზე და ა.შ.

პრობლემატური საკითხებისადმი დამოკიდებულების ასეთი ფორმები სულაც არ გვხვდება მხოლოდ ურბანული თემების განხილვისას. მსგავსი მიდგომები დღეს არსებულ ჰეგემონურ ინტელექტუალურ დისკურსში ინიცირებული ზოგადი ტენდენციის ნაწილია. ამას კი, თავის მხრივ, უფრო ღრმა გლობალური თუ ლოკალური ისტორიული განმაპირობებლები უდევს  საფუძვლად: ერთის მხრივ, გვიან და პოსტსაბჭოთა ყოვლისმომცველი რეაქციული ტალღა, ხოლო მეორეს მხრივ გლობალური მასშტაბის ნეოლიბერალური ჰეგემონია, რომელსაც სხვა კონტექსტებთან შედარებით პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში ნოყიერი ნიადაგი დახვდა და ადვილად შეერწყა გვიან საბჭოთა არაოფიციალურ დოქტრინებს.

ამას ემატება ანტისაბჭოთა რეაქციის შედეგად საბჭოთა პერიოდში დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სრული უარყოფა, რომელიც, მართალია, კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში საკმაოდ დოგმატური და დანაწევრებული გახდა, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი ანგარიშგასაწევ პრაქტიკულ და თეორიულ პოტენციალსაც ატარებდა (განსაკუთრებით ადრეული პერიოდის ნაშრომები), და, კრიტიკულად გადააზრების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა როგორც  წლობით დაგროვილი გამოცდილების უწყვეტობას, ისე  მის გამოყენებას ახალ პირობებში. საბჭოთა ცოდნის უარყოფის ფონზე, დომინანტურ ინტელექტუალურ წრეებში დღესაც ძლიერია რეაქცია საერთაშორისოდ აღიარებული მემარცხენე თეორეტიკოსების მიმართ, რომლებიც ცდილობენ ბოლო რამდენიმე დეკადის მანძილზე გაბატონებული ლიბერალური ეპისტემოლოგიური ტრადიციის კრიტიკულ გადააზრებას და უნიტარული თეორიის იდეის გააქტიურებას. თუმცა, პოლიტიკური პერსპექტივიდან ეს მდგომარეობა საკმაოდ ლოგიკურია. დღევანდელი ინტელექტუალური გარემო აშკარად მოხიბლულია ცოდნის ფრაგმენტაციის პოსტმოდერნული იდეით, სადაც სხვადასხვა საკითხების ანალიზისას ან პრობლემატიზაციისას შეუძლებელი ხდება რაიმე სახის გამაერთიანებელ თეორიაზე დაყრდნობა.

იმავე სირთულეს ვაწყდებით ურბანულ პრობლემებზე მსჯელობისას - საკითხები განიხილება ფრაგმენტულად, ზედაპირულად და საერთო პოლიტეკონომიური კონტექსტიდან იზოლირებულად. ჩვენი აზრით კი, თავისი კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, ქალაქის ფენომენის კრიტიკული გააზრება უნიტარული თეორიული ბაზის გარეშე შეუძლებელი ამოცანაა.

წინამდებარე თარგმანების კრებულის გამოცემით ჩვენი მიზანია მცირედი წვლილი შევიტანოთ ურბანულ დისკურსში წარმოქმნილი ამ ვაკუუმის შევსების საქმეში. ცხადია, კრებულში შესული ტექსტები არ არის საკმარისი საგანზე რაიმე სახის ამომწურავი ცოდნის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ისინი მეტ-ნაკლებად კარგ სამსახურს გაუწევენ მკითხველს, გაეცნოს ურბანულ თუ სხვა სოციალურ  საკითხებზე კრიტიკული მსჯელობის სხვადასხვა დროის საუკეთესო მაგალითებს. 

Friday, 13 November 2015

ჯეინ ჯეკობსის წიგნის ”ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე”-ს ქართული თარგმანი

6 ნოემბერს, კავკასიურ სახლში ჩავატარეთ ჩვენს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი ჯეინ ჯეკობსის ”ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე”-ს პრეზენტაცია, სადაც დამსწრე საზოგადოებას უფასოდ გადაეცა წიგნები.

ძალიან გვიხარია, რომ ესე დაინტერესდით ჩვენი თარგმანით. აღნიშნული წიგნი კიდევ გავრცელდება სხვადასხვა საშუალებებით. ვინც ჯერჯერობით ვერ მოახერხა წიგნის მიღება, მანამ ის თქვენამდე მოაღწევს, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთმისი pdf ვერსია შემდეგ ბმულზე




Sunday, 9 August 2015

სტატისტიკა? / Statistics?




დღეს საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მქონე მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 161.4 ლარია. 

როგორც საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდის შესახებ საქსტატის ბროშურა გვეუბნება: "საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას."

დღეებზე თუ გავყოფთ, ეს არის დღეში 5.38 ლარი, ანუ სამჯერადი კვების ციკლში, საკვების ერთჯერად მიღებაში, საშუალოდ 1.79 ლარი. მეეჭვება, ენერგიის ხარჯვის პირობებში, ეს თანხა მინიმალურად საჭირო საკვები ნივთიერებების მისაღებად საკმარისი იყოს, თუმცა მთავარი პრობლემა უფრო სხვაგანაა. 

ვფიქრობ პრობლემა უფრო იდეოლოგიურ-მეთოდოლოგიურია, ვიდრე ეკონომიკური. ამ მაჩვენებელში გათვალისწინებული არაა კვების სოციო-ეკონომიკური კონტექსტი, მაგალითად ის, რომ რეალურად მშრომელს დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც, გარეთ მზა საკვების ყიდვა უწევს, რაც ფასს მნიშვნელოვნად აძვირებს. ან ის რომ პროდუქტების დაფასოვებისა და შენახვის ვადების სპეციფიკიდან გამომდინარე, რეალურ ცხოვრებაში, ერთი ადამიანისთვის შეუძლებელია დროის განსაზღვრულ მონაკვეთში სტანდარტით დადგენილი საკვები ნივთიერებების დღიური ნორმის მიღება ნარჩენების დატოვების გარეშე, რაც ასევე აძვირებს ასეთ ნორმატიულ კვებას. მოკლედ, საარსებო მინიმუმი, როგორც ეკონომიკური მაჩვენებელი, რაც შემდგომ საფუძვლად ედება სხვა გაანგარიშებებსა თუ მონაცემებს, რეალურ ცხოვრებასთან არანაირ კავშირში არაა. მის მიერ დადგენილი ენერგიის ხარჯვისა და მიღების ურთიერთმიმართების მიღწევა მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებშია შესაძლებელი. 

კონტექსტიდან ამოგლეჯილი, სტერილურად ორფუნქციიანი: კვება-შრომა ადამიანი არ არსებობს. ადამიანი ცხოვრობს სახელფასო თვიდან თვემდე, სეზონიდან სეზონამდე, წლიდან წლამდე, დეკადიდან დეკადამდე და ამ პერიოდში მას აქვს კონკრეტული, ბიოლოგიური, კულტურული, სარეკრეაციო, სამეურნეო თუ სხვა მოთხოვნილებები. ზუსტად ასეთი საბაზისო მოთხოვნილებებიდან უნდა გამოითვლებოდეს საარსებო მინიმუმი, როგორც ეკონომიკური მაჩვენებელი, რათა აბსტრაქტული ციფრების სფეროდან პოლიტიკურ სიბრტყეში გადმოინაცვლოს. 

დაახლოებით ასეთი ტიპის მაჩვენებელია სამომხმარებლო კალათა. იგივე საქსტატის მეთოდოლოგიური ბროშურის მიხედვით, იგი: ”წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას.” სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის და ინფლაციის გასაანგარიშებლად.

მისი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ის საშუალოს წარმოადგენს და არა მინიმალურს. ხშირად, შეცდომით მას საარსებო მინიმუმს ადარებენ, რაც აბსოლუტურად არაფრის მომცემია. სხვა საქმე იქნებოდა, რომ არსებობდეს მინიმალური სამომხმარებლო კალათა, რაც ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი საარსებო მინიმუმის იდენტური იქნებოდა და ასევე აბსტრაქტული საშუალოდან პოლიტიკურად მგრძნობიარე მინიმალურის სიბრტყეში გადმოინაცვლებდა. 

სტატისტიკა არ არის მეთოდოლოგიურად განყენებული. მისი მეთოდოლოგია პოლიტიკური შინაარსისაა და ხშირად სახელმწიფოს მიერ ის რეალობის მანიპულირებისთვის გამოიყენება. ჩვენ გვჭირდება ისეთი სტატისტიკა, რომელიც მაქსიმალურად წარმოაჩენდა ჩვენ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს და დაგვეხმარებოდა მათ გადასალახად წარმოებულ პოლიტიკურ ბრძოლაში. სტატისტიკის ასეთი პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, ბრიტანული ჯგუფი Radical Statistics Group, რომლის ვებგვერდზე, ჯგუფის მიზნებში ვკითხულობთ:

”ჩვენ გვჯერა, რომ სტატისტიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას რადიკალური კამპანიების და პროგრესული სოციალური ცვლილებების ხელშესაწყობად. სტატისტიკამ უნდა მოახდინოს პოლიტიკის ინფორმირება და არა წარმართვა. სოციალური პრობლემები არ უნდა ინიღბებოდეს ტექნიკური ენით.”

დევნილების განსახლების გაუაზრებელი სტრატეგია / A Doom Strategy for Refugee Housing



გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ დევნილების ბინებით უზრუნველსაყოფად კომპანია ”ჰუალინგ ჯგუფისგან” რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი შეიძინა და კიდევ აპირებს დამატებით ბინების ყიდვას. დევნილებს რომ სახლები გადაეცემათ ეს ზოგადად მშვენიერი იდეაა, მაგრამ აქ ორი საკითხი დგას.

1.ასეთი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმისთვის, როგორიც დევნილების ბინებით დაკმაყოფილებაა რატომ ყიდულობს სახელმწიფო ბინებს კერძო დეველოპერისგან? და მითუმეტეს უცხოური კომპანიისგან, რომელიც ამ გაყიდვებიდან დაგროვილ კაპიტალს კაცმა არ იცის სად გადაისვრის. რატომ გარდაქმნის მათივე თქმით დეფიციტურ საბიუჯეტო სახსრებს კეძო მოგებად მაშინ როცა ძალიან მარტივად შეუძლია შექმნას სამშენებლო კომპანია და ამ კერძო მოგებად ტრანსფორმირებული საჯარო ფულის ფასად დამატებით ბინები ააშენოს? ეს ორმაგად მწვავე საკითხი ხდება თუკი გავიაზრებთ, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილი ამ კერძო კომპანიის მოგებაში წასული ფული ასეულობით დევნილისთვის შეიძლება წლობით კიდევ გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას ნიშნავდეს.

2. რამდენად სწორია განსახლების სტრატეგია? 60იანი წლებიდან მოყოლებული მრავალჯერ დამტკიცდა, რომ ჰუალინგის სოფლის მსგავს იზოლირებულ, ჰომოგენურ და მონოფუნქციურ კვარტლებში შემოსავლის, ეთნიკური თუ სოციალური მიკუთვნებულობის ნიშნით დახარისხებული, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტისგან ამოგლეჯილი მოსახლეობის ერთბაშად შესახლება იწვევს სიღარიბის და აპათიის ზრდას, სოციალური კავშირების რღვევას, კრიმინალის ზრდას და ზოგადად ასეთი უბნის გეტოდ გარდაქმნას.

განსახლების კარგ სტრატეგიაში უნდა მონაწილეობდნენ ის ადამიანები, ვისაც ის ეხება. ის უნდა იყოს იმგვარი, რომ ხელი შეუწყოს მათ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას და დანარჩენ ქალაქთან ინტეგრაციას. ამასთან ერთად, ალტერნატიულ განსახლების სტრატეგიაში, ამ მდიდრული კიჩი კორპუსების ნაცვლად წარმოიქმნებოდა სრულიად ახალი არქიტექტურული ტიპოლოგიები, რომლებიც იმავე სოციო-ეკონომიკურ მიზანს დააკმაყოფილებდა.

აქედან ჩანს, რომ სახელმწიფოს არ აქვს საიმისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სივრცითი ცოდნა, რომ დევნილებთან, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაჩაგრულ ჯგუფის ღირსეული და პროგრესული მოპყრობა შეძლოს.

ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროექტიდან ჩანს, რომ სახელმწიფოს არა აქვს ზოგადად ქვეყნის სოციო-სივრცითი და ეკონომიკური განვითარების სათანადო გეგმა. ის ხელმძღვანელობს დრომოჭმული, ზედაპირული და გრძელვადიან პერსპექტივში არამდგრადი განვითარების მოდელით.

Sunday, 19 July 2015

პოლიტიკურის და ოფენ ეარის შესახებ

ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი




საერთოდ არ ჩავთვლიდი საჭიროდ ”თბილისი ოფენ ეარის” შესახებ კომენტარის გაკეთებას, მაგრამ როდესაც სხვადასხვა მხრიდან ამ ღონისძიების მიმართ გაკეთებული სტერილური, მუსიკის და კულტურის დარგში იზოლირებული კომენტარები მოვისმინე, გადავწყვიტე მეც დამეწერა რას ვფიქრობ ამის შესახებ.

პირველ რიგში, ვფიქრობ ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს იმას თუ რამდენად ღრმად გვაქვს გამჯდარი კაპიტალისტურ კულტურაში დამკვიდრებული, ხელოვნების ავტონომიურობის იდეა, რომელშიც ხელოვნება აღქმულია, როგორც მისი წარმოების კონტექსტისგან და დანარჩენი ცხოვრებისგან განყენებული პროდუქტი, რომლის ხარისხი მხოლოდ თავისივე ვიწრო სფეროში მიმდინარე დისკურსში შეიძლება გაიზომოს. მსჯელობის ეს ფორმა კანტის თეორიაში მშვენიერის იდეიდან იღებს სათავეს და სხვადსახვა ფორმით დღეს მეინსტრიმული თანამედროვე ხელოვნების მთავარი დასაყრდენია. მეორეს მხრივ, ასეთი მიდგომის წყალობით ხელოვნება მძლავრი იდეოლოგიური ინსტრუმენტია კაპიტალის ხელში. მარქსისტული პერსპექტივიდან მსჯელობის ამ ფორმას სასაქონლო ფეტიშიზმი ეწოდება. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც საქონელი (ამ შემთხვევაში მუსიკა) აღიქმება, როგორც არა მის შექმნაში და მსმენელამდე მიტანაში - წარმოებაში - ჩართული ადამიანების სოციალური ურთიერთობების (ვინ რას აკეთებს, ვინ ვისზე მუშაობს, წარმოების რა ფორმა მოქმედებს და ა.შ) შედეგი, არამედ, როგორც დამოუკიდებელი თვისებების მქონე ობიექტი, რომლის ღირებულების შეფასება მხოლოდ სხვა მის მსგავს საქონელთან შედარებითაა შესაძლებელი. 

თუკი დომინანტური სააზროვნო პერსპექტივიდან მივუდგებით, მაშინ მართლა შესაძლებელია ვისაუბროთ ფესტივალზე გამომსვლელი სხვადასხვა ჯგუფის შესრულების ხარისხზე, მათი მუსიკის მოძველებულობა-თანამედროვეობაზე თუ ენიგმატურ აურაზე, ან ღონისძიების ორგანიზების ავკარგიანობაზე და ა.შ. ასეთ მსჯელობაში ადგილს ვერ დაიკავებს ამ ფესტივალის პოლიტეკონომიური კონტექსტის განზომილება, რაზე ფიქრიც მიგვიყვანდა, მაგალითად, მისი ორგანიზების ფინანსურ დეტალებთან, და იქ დროებით დასაქმებული მუშების სამუშაო პიორბებთან, რაზეც ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მაინტერესებს. ამ ლოკალური მაგალითიდან საშუალებას მოგვცემდა გლობალურ მუსიკის ინდუსტრიაზეც დავფიქრებულიყავით. ან ისევ ადგილს რომ დავუბრუნდეთ, ფესტივალის ჩასატარებლად ტერიტორიის შერჩევის ლოგიკასთან მიგვიყვანდა, რომელიც ნაკარნახევია ღონისძიების მთავარი სპონსორის, ჩინური დეველოპერული კომპანიის ”ჰუალინგ გრუპის” იქვე მდებარე ახალი უბნის რეკლამირების სურვილით. ამასთან კავშირში, ასევე საინტერესოა ის თუ რა შედეგები მოაქვს ქალაქისთვის და საზოგადოებისთვის ასეთი სტერილური უბნების ფორმირებას და რა ფინანსური პროცესებია ჩართული ასეთ განვითარებაში, მაგრამ ამას აქ აღარ ჩავუღრმავდები. ასევე დაგვაფიქრებდა იმაზე, რომ ვარკეთილის ძირითადად დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ამ ტიპის ექსკლუზიური მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიალიზაცია, ღამის საათების ხმაური და დიდი კონცენტრაციით იქ თავმოყრილი დაწინაურებული მოქალაქეები, თავისი დაწინაურებული ჰაბიტუსებით, ავტომატურად ცენტრის პერიფერიაზე კულტურულ და კლასობრივ დომინაციას ნიშნავს. შესაბამისად, ღამის ხმაურით (და ვფიქრობ გაუცნობიერებლად არა მარტო ხმაურით) შეწუხებულ ერთ-ერთ ვარკეთილელს და მის მეზობლებს, საზოგადოებრივ არხზე გადაცემა კომუნიკატორის წამყვანი სერგი გვარჯალაძე ურჩევს ”ერთი ორი დღე მოითმინონ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალია”. რათქმაუნდა! მათ არ ესმით, მაგრამ უნდა მოითმინონ! ასეთი მიმართულებით მსჯელობისას, ასევე თვალში მოგვხვდებოდა ფესტივალის ტერიტორიის ღობის გარეთ მუსიკის მოსასმენად თავმოყრილი ხალხი, რომლებმაც დიდი ალბათობით ბილეთის ფასის გადახდა ვერ მოახერხა და ამიტომ დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში.

ამგვარად, სხვადასხვა ხდომილების თუ ხელოვნების ნაწარმოების შესახებ პოლიტეკონომიური მსჯელობა საშუალებას გვაძლევს ჩვენი სიზარმაცისკენ მიდრეკილი ყურები, თვალები და სხვა გრძნობის ორგანოები მუდმივად ვავარჯიშოთ აღქმულის კრიტიკულ წაკითხვაში, რაც ”განყენებული” სმენადის, ხილვადისა და ზოგადად გრძნობადის ”განსხვავებულისადმი” დაუსრულებელი ფეტიშური ლტოლვის ნაცვლად, ”სხვა”-ს მოლოდინის და აღმოჩენის რეჟიმში გადაყვანის პერსპექტივას გვპირდება.

რომ გავაგრძელოთ ამ ღონისძიების სეგრეგაციულ ბუნებაზე მსჯელობა, აუცილებელია ისიც ვთქვათ, რომ ფესტივალი, თავისი არსით საყოველთაო ღონისძიებაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და დროებით ყოველდღიური რუტინისგან გამოეთიშოს. ის შეიძლება იყოს ძალაუფლების მიერ ან თვით-ორგანიზებული, მაგრამ საყოველთაოობა მისი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა. მისი კომერციალიზაცია ამ პრივილეგიას მხოლოდ იმ დაწინაურებულ მოქალაქეებს ანიჭებს, ვისაც შიგნით მოხვერის მაღალი საფასურის გადახდა შეუძლია. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ისეთი სახალხო ფესტივალები, როგორიცაა თბილისობა და მაგალითად მთის დღეობები (ზემოხსენებული ორი ფორმა), რომლებსაც სხვათაშორის, ოფენ ეარის ტიპის ღონისძიებების დამცველები ხშირად ზიზღით აკრიტიკებენ, როგორც ბნელებისა და ჩამორჩენილების ღრეობის ადგილს, თავისი არსით, როგორც კულტურულად, ისე კლასობრივად ბევრად ინკლუზიური და დემოკრატიული ღონისძიებები გამოვა. შესაბამისად, პოლიტიკური თვალისთვის და ყურისთვის აქ ნანახ-გაგონილი ”უწესრიგობა” და სპონტანურობა ესთეთიკური კუთხითაც ”სხვასთან” უფრო ახლოს დგას ვიდრე ნებისმიერ დახურულ და ძვირადღირებულ ფესტივალზე სორტირებული, ფორმალიზებული, სტერილური და პროგნოზირებადი ”განსხვავებული”. რათქმაუნდა, ამ შემთხვევაში სულაც არ ვცდილობ ზემოხსენებულ სახალხო ფესტივალებზე არსებული სიტუაციის რომანტიზაციას და უპირობო მიღებას, თუმცა, ვფიქრობ, ისინი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია.

ალბათ ოფენ ეარის, როგორც მუსიკალური მოვლენის სერიოზული განხილვის საგნად ქცევა ასევე განსაზღვრულია ჩვენს რეალობაში არსებული კულტურული სიმწირით. ვგულისხმობ იმ მდგომარეობას, სადაც ადგილობრივი ხელოვანება თითქმის ასი პროცენტით კონფორმულია დასავლეთის დომინანტური კულტურისადმი და ვერა და ვერ ახერხებს საკუთარ კონტექსტთან შესაბამისი ”სხვა” ვექტორების კრისტალიზაციას. მაგალითად, ჩემი აზრით, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსისთვის, რომელიც ეს ესაა იწყებს თავის მუსიკალურ მოღვაწეობას და პრეტენზიას გამოთქვამს თავისი შემოქმედების სოციალურად აქტუალობაზე მეინსტრიმულ დასავლურ თუ რუსულ ჯგუფებთან ერთადზემოთაღწერილი კონტექსტის ფესტივალში მონაწილეობა მუსიკალური კარიერის დასასრულს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ არა, კოლონიალური აზროვნება აქაც ისევე ძლიერად იჩენს თავს, როგორც ცხოვრების სხვა ნებისმიერ სფეროში. 

აქ ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელიც ახალი კულტურის ჩამოყალიბების პროცესში პასუხისმგებლობას ბოლომდე იხსნის და ტრადიციული კულტურის სადარაჯოზე რჩება. თუმცა, გასაკვირი ამაში არაფერი უნდა იყოს მაშინ, როდესაც ქვეყნის კულტურის მინისტრი, წინა ხელისუფლების დროს, ზუსტად შოუბიზნესში დაწინაურებული ბიზნესმენი აღმოჩნდება.

მოკლედ, ამ მდგომარეობის და მისი ძირეული მიზეზების გადასალახად არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური თუ სახელოვნებო ხერხები, მაგრამ მათი მოქმედებაში მოსაყვანად აუცილებელია პირველ რიგში გავერკვეთ პრობლემის და შემდგომ თავად მათ ბუნებაში, ჩავურღმავდეთ ფორმების და შინაარსების ურთიერთმიმართებებს, ვავარჯიშოთ გონება თვალ-ყურის სინქრონულად და გავხდეთ უფრო და უფრო მეტად პოლიტიკური არსებები.