Thursday, 6 August 2009

SOS!!! Gated Community!! ცოტა რამ საცხოვრებელი გარემოს შესახებ

სივრცე, როგორც საზოგადოების იდეოლოგიის მაფორმირებელი ერთ ერთი ფაქტორი, ამავე საზოგადოებაში გაბატონებული ღირებულებების და თავად საზოგადოების რაობის ყველაზე თვალსაჩინო და ზუსტი მაჩვენებელიც არის. ამ ღირებულებებს მიღმა იგი ზედმიწევნით ასახავს დომინანტურ სოციალურ–ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ტენდენციებს და მათ დინამიკასაც. (პერიფრაზი Lefebvre, H. Production of Space).

GATED COMMUNITY – ქართულ სიტყვიერებაში, საბედნიეროდ, ჯერ არ დამკვიდრებულა. პირდაპირი გაგებით, ყველაზე მიახლოებული განმარტება არის “იზოლირებული საცხოვრებელი უბანი”, მაგრამ, თუ ტერმინს ქართულ რეალობასაც შევუსადაგებთ, მაშინ უფრო გასაგებად ჟღერს – ექსკლუზიური საცხოვრებელი უბანი. თუმცა, სანამ ქართულ რეალობაზე გადავიდოდეთ, ჯერ თავად ფენომენის შესახებ...

იზოლირებული საცხოვრებელი უბანი წარმოადგენს კერძო საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებულ ტერიტორიას, რომელიც შემოღობილი და დაცულია მაცხოვრებელთა მყუდროების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. უმეტეს შემთხვევებში ასეთი ტერიტორია აღჭურვილია ზედამხედველობის კამერებით, ხშირ შემთხვევაში ასევე ემსახურება დაქირავებული დაცვა. მაღალი კლასის ან “ელიტური” საცხოვრებელი კვარტალი ხშირად ასევე უზრუნველყოფილია სხვა ავტონომიური ფუნქციებით: სპორტული მოედნებით, საცურაო აუზებით, კლუბით, საბავშვო ბაღით და სხვა. ასეთი უბნების სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია ახლომდებარე სავაჭრო–სარეკრეაციო ცენტრი (Shopping mall), რომელიც თანამედროვე ურბანული სივრცის კიდევ ერთ ატრიბუტად ჩამოყალიბდა.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განაშენიანების რეალური სამშენებლო ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს მომხმარებლის კონკრეტული სეგმენტის მიხედვით, ეს დიდად არ მოქმედებს მყიდველთა ენთუზიაზმზე. მათ უმრავლესობას ასეთი საცხოვრებელი კვარტალი უკეთესი სოციალური სტატუსის დამკვიდრების საშუალებად მიაჩნია. პრესტიჟის, სოციალური სტატუსისა და უსაფრთხოების თუნდაც მხოლოდ მოჩვენებითი გამოხატულება ის ელემენტებია, რაც იზოლირებულ საცხოვრებელ უბნებს საზოგადოების თვალში სასურველ საცხოვრებელ გარემოდ აქცევს. ასეთ შეხედულებას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ საზოგადოების პრივილეგირებული წევრები უპირატესობას ანიჭებენ ექსკლუზიურ უბნებში ცხოვრებას. შესაბამისად, საზოგადოების შემეცნებაში მკაფიოდ ისმევა მიჯნა უბნის შიგნით და გარეთ მაცხოვრებელთა შორის: შიგნით – უსაფრთხოება, ქონება, პრივილეგია, გარეთ – ქაოსი.

ამ სახით დანახული იზოლირებული საცხოვრებელი უბნები სოციალური უთანასწორობის, საზოგადოების პოლარიზაციის სივრცით მანიფესტაციას წარმოადგენს და, თავის მხრივ, განაპირობებს მისი მაცხოვრებლებისა და გარესამყაროს ურთიერთობის სპეციფიკას. ეს უბნები თავისუფალი ბაზრის მიერ დამკვიდრებული მომხმარებლური კულტურის პროდუქტია და თავის მხრივ ხელს უწყობს მომხმარებლურ ცხოვრების წესს და მისგან გამომდინარე სოციალურ ურთიერთობებს. ყოვლდღიურ ცხოვრებაში, რომელიც გადანაწილებულია იდეალურ, უსაფრთხო “კუნძულებს” შორის მანქანით გადაადგილებაზე, ადგილი არ რჩება სხვა რეალობისთვის. რეალობისთვის რომელიც სავსეა სიღატაკით, ავადმყოფობით, მტვრით, ნაგვით და ყველაფერი იმით, რისი დანახვაც ექსკლუზიური უბნების კეთილსინდისიერ მაცხოვრებლებს უბრალოდ აღარ სურთ.

თუკი განვაზოგადებთ, ექსკლუზიური და იზოლირებული საცხოვრებელი უბნები ბევრი სხვადასხვა ფორმით შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩვენ გარშემო. ხშირ შემთხვევებში ასეთ უბნებს ფიზიკური ღობე არ გააჩნიათ, თუმცა ისინი საზოგადოებას ისევე მიჯნავენ, როგორც ტიპიური Gated Community.

ვიღაცისთვის საზოგადოების ასეთი სეგრეგაცია შეიძლება ყოვლად ნორმალური, დამსახურებული და მისაღები მოვლენაა. ვიღაცისთვის ეს ხელსაყრელი ახალი პროდუქტი და ფინანსურად მომგებიანი “სიკეთეა”. ამ “სიკეთის” საქართველოში დანერგვის შესახებ “სასიხარულო” ინფორმაციას ქართული საზოგადოება უკვე ეცნობა თვალისმომჭრელი სარეკლამო კამპანიებიდან. სარეკლამო აბრები აღფრთოვანებით გვამცნობენ “თანამედროვე,” “ელიტარული”, “ექსკლუზიური” მშენებლობების შესახებ და “უსაფრთხო” და “ჯანმრთელი” ცხოვრების გარანტიას გვთავაზობენ. დაქირავებული დაცვა, კონსიერჟი, ძიძებით მომსახურებაც კი!!! ყველა ეს საოცნებო სიკეთე უკვე ჩვენს ხელთაა, თუმცა ვიდრე ამ ახალ მოდას ჩვეული ენთუზიაზმით ავიტაცებდეთ, ალბათ სჯობს დავფიქრდეთ ამ “სიკეთის” მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ალბათ სჯობს გავიხედოთ ყოველდღიური რუტინის მიღმა და დავინტერესდეთ იმ პროცესებით რაც ასეთი უბნების გაჩენას განაპირობებს და იმ ცვლილებებით რასაც ასეთი ცხოვრების წესის ფართოდ დანერგვა უქადის საზოგადოებას და ურბანულ სივრცეს.

1 comment:

  1. საინტერესოა. გეთანხმები რომ ეს დაცულობის და იზოლირებულობის შეგრძნება უფრო მეტად მოჩვენებითია ვიდრე რეალური, თუმცა რაღაც თავისი კომფორტი მაინც აქვს..

    ეს ბასეინებიდ ა კლუბები და მოედნები კი... ძალიან ძვირი სიამოვნებაა ჩემი აზრით.

    :)) ახლა გამახსენდა მთელი ომი მქონდა ახლობლებთან როცა ვთქვი რო სახლს რომ ავაშენებ სავარაუდოდ ბასეინს ეზოშა რ გავაკეთებ მეთქი.
    ვის გაუგია სახლი ბასეინის გარეშეო :))))

    ReplyDelete