Thursday, 24 September 2009

ზედაპირს მიღმა Beyond the Surface

ცნობილია, რომ ყოველგვარი ესთეტიკა განსაზღვრული იდეოლოგიის გამომხატველია. შესაბამისად, ამა თუ იმ ესთეტიკის მატარებელი საშუალება: ფერი, შრიფტი, ფორმა, ფაქტურა, მთლიანად სივრცის ორგანიზება, ისევე როგორც ტექსტი, მეტყველების მანერა, მუსიკა, თეატრალური ხელოვნება და ასე შემდეგ, მისი მაფორმირებელი იდეოლოგიის გზავნილს გადმოსცემს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მოდერნისტ ხელოვანთა ავანგარდი თანამედროვე საზოგადოების შენების ერთ–ერთ პირობად ახალი ესთეტიკის შექმნას მიიჩნევდა და ყოველდღიური მოხმარების საგნების დიზაინსაც კი ამ სულისკვეთებით ქმნიდა. საკმარისია გავიხსენოთ ბაუჰაუსის ავეჯი, ჭურჭელი და ტექსტილი, კორბუზიეს, გროპიუსის, გინსბურგის და სხვათა არქიტექტურა, გეგმარება და საქალაქო სივრცის ორგანიზების ხედვა. პირველად სწორედ ბაუჰაუსის სკოლამ უარყო ფასადი - როგორც მნახველზე მიმართული შენობის დომინანტური ელემენტი და არქიტექტურა და გარემო ერთ მთლიან გააზრებულ ორგანიზმად აქცია. საინტერესეოა რომ ფასადის დომინანტური როლი და სანახაობრივი დატვირთვა იგივე გერმანიაში მოგვიანებით უკვე ფაშისტური რეჟიმის იდეოლოგიამ ააღორძინა, რომელიც პომპეზურ ფასადებს, ისევე როგორც კომუნიკაციის სხვა ფორმებს, მესამე რაიხის ძლევამოსილების დასამტკიცებლად იყენებდა. კომუნიკაციის ხერხებით მსგავს მანიპულაციას ბევრი სხვა რეჟიმიც საკმაოდ წარმატებით იყენებდა და იყენებს. ახლო არსულიდან ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა საბჭოთა სოც-რეალიზმიც. ესთეტიკა იყო და არის ძლიერი მედიუმი საზოგადოების პოლიტიკური ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად. ეს განსაკუთრებით საგრძნობია დღეს, მას–მედიისა და ინტერნეტის ეპოქაში, როცა ვიზუალური, ტექსტური და სხვა სახის ინფორმაციის უწყვეტ ნაკადიში გაუაზრებლად ხდება სხვადასხვა არაპირდაპირი დატვირთვის იმპულსების ათვისება.

საქართველოში დღეს ესთეტიკურ რეჟიმს, ისევე როგორც ყოველდღიური ცხოვრების ბევრ სხვა ასპექტს, უმეტესწილად ერთობლივად განსაზღვრავს თავისუფალი ბაზარი და პოლიტიკური იდეოლოგია. კონსერვატიულ –ნაციონალური ღირებულებები და საბაზრო ეკონომიკა შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს და ფსევდო–ისტორიულისა და ულტრა–თანამედროვეს საინტერესო კოლაჟს ქმნის. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითების მოძიება არქიტექტურისა და გარემოს დიზაინიდან შეიძლება. მაგალითად, სარკისებური შემინვა და ცათამბჯენები დომინანტური კულტურის მიერ თანამედროვეობის აღმნიშვნელ აუცილებელ ელემენტად არის შერაცხული, ამავდროულად ფსევდო–ისტორიული დიზაინი ურბანული სივრცისა და არქიტექტურის ასევე ლამის სავალდებულო კომპონენტია. აქ ცალკე აღნიშვნას იმსახურებს საკულტო ნაგებობების არქიტექტურა და დიზაინი, სადაც ტრადიციული ფორმების კოპირებამ უკვე დიდი ხანია მკაცრად რეგლამენტირებული კონვეირული სახე მიიღო.

გიგანტურობისა და გამორჩეულობის კომპლექსით დაავადებული ეგრეთწოდებული ულტრა–თანამედროვე პროექტები საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროექტები თავისი საბაზრო ესთეტიკით შესანიშნავად აკმაყოფილებს პოტენციური კლიენტების მცირე მაგრამ გავლენიან ფენას, რომელიც არქიტექტურულ “საოცრებებს” გლობალურ კულტურულ და ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანების აუცილებელ ნიშნად მოიაზრებს.

სამაგიეროდ, ფსევდო–ისტორიულობა კარგად ერგება კონსერვატიული უმრავლესობის შეხედულებებს, თუნდაც ეს დიდი დოზით სიყალბეს მოითხოვდეს. ცოტას თუ აქვს დრო, ფული და მოთმინება რომ ისტორიულ სიძველეებს ელოლიავოს. მეორეს მხრივ, ისტორიული ნივთები, ისევე როგორც თავად ისტორიული გარემო იმდენად კარგად “იყიდება” ქართველ თუ უცხოელ მომხმარებელზე, რომ დიდ მკრეხელობად არ მიიჩნევა სინამდვილის ყალბი მულაჟებით შელამაზება–ჩანაცვლება. ავთენტური სიძველეები – ელიტურ სალონებში, მას–კულტურა კი უპრეტენზიოდ მოიხმარს ყველაფერ დანარჩენს: “გადაკრამიტებულ” სიღნაღს, თბილისსა თუ მცხეთას, არქაულ და პომპეზურ მონუმენტებს, “გაჯაზებულ” თუშურ მელოდიებს და ა.შ.

საინტერესოა დაკვირვება, რომ ფსევდო–ისტორიციზმის ამ ტენდენციაში განსაკუთრებული აღფრთოვანება კონკრეტული პერიოდების მიმართ შეინიშნება. გავიხსენოთ თუნდაც მე–19 საუკუნის მიწურულის ევროპა, ან რუსეთის იმპერიის დროინდელი საქართველო, სადაც თურმე პარიზული მოდა მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით აღწევდა, კეთილშობილი არისტოკრატები ულამაზეს ბანოვანებს უძღვნიდნენ რომანსებს და სიმდიდრე და სალონური ცხოვრება ჩქეფდა. იმ ეპოქის სულისკვეთება დღეს მრავალი მოდური კაფესა თუ სალონის დიზაინში იგრძნობა. ასეთივეა ისტორიაც, რომელსაც გვამცნობს, მაგალითად, წინანდალში ახალგარემონტებული ჭავჭავძისეული სასახლე. აქ ინტერიერები თანამედროვე დიზაინის კატალოგიდან გადმოხატულს ჰგავს – გაშიშვლებული ქვის კედლების ფონზე გამოფენილი ძველებური ნივთები პრესტიჟული საგამოფენო სალონის (ინგლ. Showroom) შეგრძნებას ამძაფრებს. გიდი კი დაბეჯითებით გვიხსნის თვითეული ნივთის ევროპულ წარმოშობას, ნაკეთობის სინატიფესა და სიძვირფასეს. ყურადღების მიღმა რჩება საინტერესო ისტორიები პატივმოყვარე ქართველ არისტოკრატიაზე, იმპერიულ რეჟიმზე და იმდროინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე. აქ, ისე როგორც არსად, ცხადად იგრძნობა საზოგადოების პოსტ–საბჭოთა კომპლექსები და ნოსტალგია იმ ეპოქის მიმართ, როცა არისტოკრატთა ფუფუნება ღვთის მიერ დადგენილ ნორმად იყო მიჩნეული.

ცხადია, ნოსტალგია ცოტ–ცოტა ყველაფერს აზვიადებს და რომანტიული საბურველით მოსავს, საჩოთირო ელემენტებს კი ზრდილობიანად ივიწყებს. სხვაგვარად ვერ იმუშავებს წარსულით ტკბობის დამათრობელი ეფექტი, რომელიც აწმყოთი გაბეზრებულ ადამიანს დროებით მაინც წარმოსახვით კომფორტს უქმნის და ცვლილების სურვილს უკარგავს. ასეთი წარმოსახვითი კომფორტის შექმნას ანთროპოლოგი დევიდ ჰარვი “საზოგადოების კაპუჩინოთი დამშვიდებას” (ინგლ. pacification by Cappuccino) უწოდებს.

არის თუ არა ქართული საზოგადოება კაპუჩინოს არომატით გაბრუებული ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ როცა მისი ერთი ნაწილი მსუბუქი ჯაზის ფონზე კაპუჩინოს წრუპავს, მეორე ნაწილი საარსებო მინიმუმს დაეძებს. შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია – შემოქმედებითი და ინტელექტუალური მუხტი ნეიტრალიზებულია და გარემო ისევ რჩება როგორც მზა ესთეტიკური ფორმულების უსასრულო რეპროდუქცია.

სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა განსხვავებული ესთეტიკური რეჟიმის, როგორც ალტერნატიული ხმის შექმნა. ქართულ საზოგადოებაში არსებობს ის შემოქმედებითი და ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ესწრაფვის დაინახოს შეულამაზებელი რეალობა, რათა მისი გაუმჯობესების გზები ეძებოს. დროა მოიძებნოს ეს რესურსი, ვიდრე თვალი მიეჩვევა უსასრულოდ კოპირებულ ვიზუალურ–სივრცით მანიპულაციებს, ვიდრე “არისტოკრატულ–ელიტური” უსაგნო ისტორიებით დამძიმებული გონება დაკარგავს კრიტიკული აღქმის უნარს, ვიდრე წარმოსახვა მსუბუქი ჯაზისა და კაპუჩინოს არომატით გაიჟღინთება…

შენიშვნა: ინფორმაციისთვის თემაზე იხილე ჟაკ რანსიე, ’ესთეტიკის პოლიტიკა’, ჰენრი ლეფევრი ’სივრცის პროდუქცია’ დევიდ ჰარვის ’პოსტმოდერნიზმის მდგომარეობა’ და სხვები.

No comments:

Post a Comment