Thursday, 10 December 2009

ჯენტრიფიკაცია: ისტორია და პრობლემატიზაცია/ Jentrification: history and problematization

ახალი სოციალურ–ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობის დადგომასთან ერთად ჩვენს გარშემო ბევრ, დღემდე უცხო პროცესს მიეცა ბიძგი, რომელთა უმრავლესობა პროპორციულ კვალს აჩნევს განაშენიანებულ გარემოს. პროცესების შესაბამისად გაჩნდა ბევრი უცხო ტერმინიც, რომელთაც “ექსპერტთა” ახალგაზრდა თაობა თავმომწონე გამომეტყველებით ამკვიდრებს (უნდა ითქვას, რომ უცხოენოვანი პროფესიული ტერმინების ხშირად უსაფუძვლო გამოყენება მამათა თაობასაც სჩვეოდა). დროთა განმავლობაში, ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე ბევრმა უცხოენოვანმა ტერმინმა ადგილობრივი ელფერი და მნიშვნელობა შეიძინა. არის ბევრი სხვაც, რომელიც ჩვენს რეალობაში ჯერ არ გამობრძმედილა და შესაბამისად საზოგადოებაში და “ექსპერტებშიც” ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს.

ერთ–ერთი ასეთი ნაკლებად ცნობილი ტერმინია “ჯენტრიფიკაცია” (ინგლ. jentrification). შესაძლოა რომელიმე პროფესიონალის ან აქტივისტის ლექსიკონში წააწყდეთ ხან – ნეგატიური, ხან კი – პოზიტიური შეფასებით, უფრო ხშირად კი ძველი ქალაქის პრობლემებზე საუბრისას. ეს ტერმინი ქართული საზოგადოებისათვის ჯერ ისევ ახალია, თუმცა თავად ფენომენი არც თუ უცხოა. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ “ჯენტრიფიკაცია” სულ მალე ადგილობრივ სასაუბრო ენაში ისეთივე ადგილს დაიკავებს როგორც, მაგალითად, ესოდენ პოპულარული “დეველოპმენტი”.

ინგლისური ენის რიგითი ლექსიკონის მიხედვით “ჯენტრი” (ინგლ. jentry), ტრადიციული მნიშვნელობით, არის კეთილშობილთა სოციალური ფენა, ან, სხვანაირად – მცირე არისტოკრატია. “ჯენტრიფიკაცია” კი, პირდაპირი გაგებით, წარმოადგენს დაბალი სოციალური ფენის “ჯენტრით” ჩანაცვლებას.

თანამედროვე ურბანულ დისკურსში ჯენტრიფიკაცია ნიშნავს ამა თუ იმ საცხოვრებელი უბნის სოციალურ და ფიზიკურ გაუმჯობესებას. ოღონდ “გაუმჯობესებას” ამ შემთხვევაში ფრიად დისკრიმინაციული დატვირთვა აქვს, რამდენადაც იგი უმეტესწილად ადგილობრივი ღარიბი მოსახლეობის გაძევების ხარჯზე ხდება.

ეს ფენომენი 1950-იან წლებში ამერიკისა და დასავლეთ ევროპის დიდი ქალაქების მოძველებულ ცენტრებში აღმოცენდა. როგორც ტერმინი, ჯენტრიფიკაცია პირველად გამოყენებულ იქნა 1960–იანი წლების დასაწყისში ლონდონში “ჯენტრის” მიერ ვიქტორიანული და ჯორჯიანული პერიოდების ისტორიული ამორტიზებული განაშენიანების შესყიდვის და რეაბილიტაციის პროცესის აღსაწერად.

დღეს ჯენტრიფიკაცია მხოლოდ ისტორიულ უბნებს არ ეხება, ზოგადად ურბანული ფენომენია, რომელსაც ძირითადად ეკონომიკური და პოლიტიკური ძალები წარმართავს. ჯენტრიფიკაციის პროცესი, მისი სხვადასხვა ფორმებით, ფართოდ არის გავრცელებული დასავლური სამყაროს მეტროპოლისებსა თუ შედარებით მცირე ქალაქებში, როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიულ ცენტრებში და ზოგადად ქალაქის რესტრუქტურიზაციის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს. ჯენტრიფიკაციის „კლასიკური“ ფორმის უპირველესი მახასიათებელია კლასთა მკვეთრი ჩანაცვლება – ანუ მდიდარი ურბანული ელიტის მიერ დაბალ–შემოსავლიანი მუშათა კლასის განდევნა.

1950–60–იან წლებში ჩრდილო ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქალაქების ჯენტრიფიკაციის პირველი ტალღა შედარებით სპორადულ ხასიათს ატარებდა. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ მოძველებულ საქალაქო ცენტრებზე ეს პირველი “შეტევა” მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაფინანსებით და ხელშეწყობით განხორციელდა. სახელმწიფოს დახმარების აუცილებლობა განპირობებული იყო ქალაქის ცენტრალური განაშენიანების ამორტიზაციით, მზარდი სუბურბანიზაციით და, შესაბამისად, ქალაქის ცენტრში ინვესტიციების შედარებით მაღალი რისკით. ცენტრალური უბნების სოციალურ და ფიზიკურ ქსოვილში ჩარევას უმეტესად ურბანული გაჯანსაღების მოტივით ამართლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი შედეგი არაერთგვაროვანი იყო სხვადასხვა სოციალური კლასებისათვის. ცხადია, რომ ეს პროცესი უპირველესად პრივილეგირებული სოციალური ფენის ინტერესებს ემსახურებოდა და ხშირად აუარესებდა განდევნილი მუშათა კლასის საცხოვრებელ პირობებს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ 60–იან წლებში, როცა ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში სოციალური მოძრაობები მძლავრობდა, ასე თუ ისე რეგულირდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების ამბიციები ჯენტრიფიკაციის კუთხით და სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობოდა ხელმისაწვდომი საცხოვრებლების (ინგლ. affordable housing) მშენებლობას მოსახლეობის დაბალ–შემოსავლიანი ფენებისათვის. მაგალითად, 60–იანი წლების ბოლოს შეერთებული შტატების საბინაო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი პრაქტიკულად კრძალავდა კომუნალური საცხოვრებლების ნგრევას და სახელმწიფო დაფინანსებით აშენებდა სოციალურ საცხოვრებლებს. მოგვიანებით, მთავრობის მიერ ამ პროგრამების ბიუჯეტის მიზანმიმართული შემცირების კვალად, დეპარტამენტი ჯენტრიფიკაციის პროექტის სანებართვო პირობად ითხოვდა ექვივალენტური რაოდენობის სოციალური საცხოვრებლების მშენებლობას „დეველოპერების“ მიერ.

თვალი რომ გავადევნოთ ჯენტრიფიკაციის ისტორიას, დავინახავთ, რომ იგი პირდაპირ კავშირშია გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებთან, როგორიცაა მაგალითად კენეზიანური ეკონომიკური სისტემის უარყოფა 70–იანი წლების ბოლოს და ნეო–ლიბერალიზმის აღმავლობა რეიგანისა და ტეტჩერის მმართველობის პერიოდში. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჯენრტიფიკაციის მეორე, მასშტაბური ტალღა, როცა უძრავი ქონების განვითარება და ჯენტრიფიკაცია ურბანული ინვესტიციების მოზიდვის მთავარ რესურსად იქცა. 1980–იან წლებში ჯენტრიფიკაცია თან სდევდა ქალაქების კულტურული და ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესს. ინვესტიციების მასშტაბის ზრდის პარალელურად ჯენტრიფიკაციის მამოძრავებელი ეკონომიკური ძალები გასცდა ლოკალურ საზღვრებს და მცირე ბიზნეს–ინიციატივები კორპორატიულმა კაპიტალმა ჩაანაცვლა.

უძრავი ქონების ინდუსტრიის გლობალიზაციამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა დღემდე ჯენტრიფიკაციის, როგორც ურბანული განვითარების ერთ–ერთი მეთოდის, ფართო გამოყენება. მეორეს მხრივ, ამის მიზეზია წინააღმდეგობის მოძრაობის დასუსტებაც, რადგანაც მისი მხარდამჭერი ღარიბი ფენა დიდი ხანია გასახლებულია ევროპისა თუ ამერიკის ქალაქების ცენტრალური უბნებიდან. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გლობალური ნეო–ლიბერალური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის უაღრესად ხელსაყრელ პირობებს ჯენტრიფიკაციის სხვადასხვა ფორმების განსავითარებლად. მაღალი და საშუალო სოციალური ფენების მოზიდვა მუნიციპალიტეტის მხრიდან კრედიტორთა ფინანსური ნდობის შენარჩუნების და ინვესტორთა დაინტერესების ერთ–ერთი ძირითადი გზაა. ინვესტიციის მოპოვება, მუდმივი შეჯიბრი და პრესტიჟული განვითარება ქალაქების თვითმიზნად იქცა. ამ მარათონში სოციალური პრობლემები მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაიელვებს, ზოგადად კი ყოფითი საკითხები სიმდიდრის გადანაწილების კაპიტალისტურ კონცეფციაზეა მინდობილი, რომლის მიხედვითაც ჩადებული ინვესტიციის თუნდაც ნამცეცები აუცილებლად მიაღწევს გაჭირვებულ მოსახლეობამდე (ე.წ. trickle down economics).

ქალაქის ცენტრალურ უბნებში სოციალური ფენების ჩანაცვლება არც საბჭოთა სისტემისათვის ყოფილა უცხო (საბჭოთა ქალაქების განვითარების პროცესები ცალკე განხილვის საგანია). მაგრამ, პოსტ–კომუნისტურ სივრცეში ჯენტრიფიკაციის მეთოდმა, ისევე როგორც კაპიტალისტური ურბანიზაციის სხვა ფორმებმა, განსაკუთრებით ადვილად მოიკიდა ფეხი. ამის მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებიც კმარა, რომელთა რომანტიულ ისტორიულ უბნებს, ინვესტორთა ინტერესის ზრდის პარალელურად, ტოვებს მკვიდრი დაბალ-შემოსავლიანი მოსახლეობა.

წელს ზაფხულს გამოცხადებული ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამაც ზედმიწევნით ჩამოჰგავს კლასიკური ჯენტრიფიკაციის პროცესს. პროექტის ოფიციალური მიზანია ერთდროულად სტიმულირება გაუწიოს კრიზისის შემდეგ შეჩერებულ მშენებლობის პროცესს, წაახალისოს ბანკები, ძველი თბილისის მოსახლეობას გაუუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები და მოახდინოს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ისტორიული უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. პროცედურულ მხარეს რომ აღარ ჩავუღრმავდეთ, რომელიც ბევრი წინააღმდეგობით არის სავსე, პროექტის ლოგიკა შემდეგში მდგომარებს: ძველი თბილისის მოსახლეობა, რომელსაც თავისი საბინაო ფონდის მოვლის და რეაბილიტაციის ფინანსები არ გააჩნია გადადის ახლად აშენებულ კორპუსებში, ხოლო მათ ძველ საცხოვრებელ ტერიტორიას, მისი რეაბილიტაციის პროცესში და მის შემდგომ, შეძლებული ფენა დაეპატრონება.

ამ ინიციატივაში განსაკუთრებით ნათლად ჩანს ხელისუფლების მხრიდან ქალაქის ზედაპირული აღქმა, მისი შემადგენელი სოციალური ქსოვილის გარეშე. ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ”ისტორიული სახის” მხოლოდ ფორმალურად შენარჩუნება-შექმნით შემოიფარგლება, რისი უპირველესი მიზანი ძველი ქალაქის საინვესტიციოდ მომზადება-შეფუთვაა (მაგალითად სიღნაღი, ქუთაისი, ბათუმი). ანუ მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება და ტექნიკურად შეკეთდება ისტორიულ ძეგლად აღნუსხული რიგი შენობები, მათი ნაწილი კანონით სახელდახელოდ დაშვებული “მოცულობის გაზრდის“ მსხვერპლი შეიქნება, ისტორიული განაშენიანების უმეტესობა კი დაინგრევა და სამშენებლო მოედნად იქცევა. ასეთი დამოკიდებულების უპირატესი მოტივი ქალაქის ცენტრის, როგორც კომერციულად სარფიანი სამშენებლო ტერიტორიის ხედვაა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ ინვესტიციების ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება.

იდეის ავტორებს სჯერათ ან გვაჯერებენ, რომ სასიკეთო საქმეს აკეთებენ, როდესაც ძველი თბილისის საბინაო ფონდისა და მაცხოვრებლების უმრავლესობის უმძიმესი მდგომარეობით სპეკულირებენ. მოსახლეობა უპირობო არჩევანის წინაშე დგას: ან გადავიდეს შეთავაზებულ ბინებში და მეტ-ნაკლებად გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, ან დარჩეს გაუსაძლის მდგომარეობაში. არავინ საუბრობს მესამე გზაზე - გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი სახსრებით, რომელსაც, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ცალკეული სამშენებლო კომპანიების ბიზნეს ინტერესებს ახმარს, დაფინანსდეს თავად მოსახლეობის ლოკალური სარეაბილიტაციო ინიციატივები (მითუმეტეს თუ, როგორც პროექტის დეტალებიდან ირკვევა, სახელმწიფოს ამის სახსრები გააჩნია). ამით მაცხოვრებლების იმ ნაწილს, რომელსაც სურვილი აქვს დარჩეს ძველ საცხოვრებელ ადგილას და წვლილი შეიტანოს თავისი ქალაქის რეაბილიტაციაში მიეცემოდა შესაძლებლობა და საშუალება გამოესწორებინა საკუთარი შენობების ტექნიკური მდგომარეობა. ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში საბინაო ფონდის მოვლა და ტექნიკური მომსახურება მუნიციპალიტეტის მოვალეობა იყო, რასაც იგი საკმაოდ ცუდად ასრულებდა, პოსტ-საბჭოთა კრიზისმა კი მოსახლეობას მოუსპო შესაძლებლობა თავად ეზრუნათ მასიურად პრივატიზებულ საცხოვრებლებზე, რომელიც იმ დროისათვის უკვე ძალიან ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო. რატომ არ შეიძლება, რომ ახლა მაინც იმ, თუნდაც მცირე ნაწილს, რომელთაც არ ეთმობათ ძველი უბნები და სახლები, მიეცეთ შანსი დარჩნენ ძველ თბილისში და, მრავალ საერთაშორისო კონვენცია-დეკლარაციათა თანახმად, ისარგებლონ ისტორიული გარემოს გამოყენების და მის შენარჩუნებაში საკუთარი წვლილის შეტანის საყოველთაო უფლებით.

ამასთანავე, განა უმჯობესი არ იქნებოდა თუკი საერთაშორისო კაპიტალით დაფინანსებული ბიზნესის ნაცვლად უპირატესობა მიენიჭებოდა ლოკალურ მცირე წარმოებით თუ სავაჭრო პოტენციალს, რაც ხელს შეუწყობდა მოსახლეობის თვითდასაქმებას და ჩართვას ადგილობრივ ეკონომიკაში და ეკონომიკური აქტივობების მრავალფეროვნებას. ასეთი ინიციატივების შედეგად ძველი თბილისი ტოტალური ჯენტრიფიკაციის ნაცვლად შეინარჩუნებდა იმ სოციალურ ბირთვს, რაც მისი ურბანული ღირებულების უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია.

თუკი ამერიკისა და ევროპის ქალაქების ჯენტრიფიკაციის ისტორიას გავითვალისწინებთ, აქ მოყვანილი პერსპექტივები უტოპიურად ჩანს. მითუმეტეს, რომ დასავლური გამოცდილება, თუნდაც უარყოფითი, ჩვენთვის რატომღაც მაინც მისაბაძ მოდელად ითვლება. ქალაქის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარება და ამ პროცესში მრავალფეროვნების და თვითმყოფადობის შენარჩუნება რთული ამოცანაა, სწრაფ მოგებაზე ორიენტირებული კომერციული მანიპულაციები - გაცილებით ადვილი. ამასთან აშკარაა, რომ საქართველოში სახელმწიფო და დიდი კაპიტალი დღეს ერთ ჰეგემონურ მხარედ გვევლინება, თავის თავის იმედად დარჩენილი საზოგადოება კი მეორედ. თუმცაღა სახელმწიფო უპირველესად ხალხის ინტერესებს და ამასთან, ყოველი სოციალური ფენისას თანაბრად უნდა იცავდეს.

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ ზემოთხსენებულ უტოპიურ ალტერნატივას გამოუჩნდებიან მხარდამჭერები და დამცველები – ისინი ვინც ძველ თბილისში ხედავენ და აფასებენ უფრო მეტს, ვიდრე ისტორიული განაშენიანება თუ კანონით დამტკიცებულ ძეგლებია, გრძნობენ უფრო დიდ მნიშვნელობას ვიდრე ვალუტაზე გადამრავლებული კვადრატული მეტრებია და არ დაუკარგავთ ყველასათვის ხელმისაწვდომი უკეთესი მომავლის იმედი.

და ბოლოს, იმისათვის რათა ალტერნატივა რეალური გახდეს, საჭიროა ურბანული სივრცის ხედვა არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ ასპექტებთან ერთად. საჭიროა სივრცის მაფორმირებელი პროცესების შესწავლა და გააზრება რათა შესაძლებელი გახდეს მათი საზოგადოებისთვის სასიკეთოდ წარმართვა. უპირველესად კი ამას სჭირდება სათანადო პოლიტიკური შეგნება და ნება როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდან.

3 comments:

  1. რუსკა ძალიან კარგი ტექსტია!
    ცოტას რომ მოვიცლი დავწერ აქ ჯენტრიფიკაციის სავალალო შედეგებზე დასავლეთის ქალაქებში.

    გისურვებ წარმატებებს
    ლუკა

    ReplyDelete
  2. ნესტან თათარაშვილი18 December 2009 at 14:40

    "ამასთან აშკარაა, რომ საქართველოში სახელმწიფო და დიდი კაპიტალი დღეს ერთ ჰეგემონურ მხარედ გვევლინება, თავის თავის იმედად დარჩენილი საზოგადოება კი მეორედ" – სრული სიმართლეა და სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. დიდი ფული ტრიალებს ამ საქმეში და ზუსტად ამის გამოა პოლიტიზირებული, ანუ მთლიანად ხელისუფლების კონტროლსა და სურვილს დაქვემდებარებული მშენებლობა, რესტავრაცია, რეაბილიტაცია, ადაპტაცია და ა.შ. მითუმეტეს, რომ როგორც გაბრჭყვიალებულ–გაკაშკაშებული ქუჩები, ასევე ასობით სტენდზე გამოკრული მათი "აღ–მშენებლობის" ამსახველი ფოტოები, ჩვენდა საუბედუროდ, ბევრი მოქალაქის გულწრფელ კეთილგანწყობას და ხელისუფლების საუკეთესო ფიარს უზრუნველყობს.

    ReplyDelete
  3. kargi statiaa! meti saqme araaqvs ugulavas miakurados:) vercxli da klasobrivi dakofaa. viziareb!

    ReplyDelete