Wednesday, 14 April 2010

ალან ბადიუს 15 თეზისი თანამედროვე ხელოვნებაზე/Alain Badiou's 15 Theses on Contemporary Art

დარწმუნებული არ ვარ თარგმანის ხარისხში, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამეტვირთა, რადგან კომპიუტერის მივიწყებულ ფოლდერში გდებას აქ ეგდოს ჯობია, ასე თუ ისე აზრის გამოტანა ხომ შეიძლება:))

ალან ბადიუ

15 თეზისი ხელოვნებაზე

გამოცემულია 2004 წელს

ვფიქრობ თანამედროვე ხელოვნების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი და რთული საკითხია როგორ არ იყოს რომანტიული. უფრო ზუსტად საკითხი ასე დგას, როგორ არ იყოს ფორმალისტურ-რომანტიული, რაღაც რომანტიზმისა და ფორმალიზმის ნაზავი. ერთის მხრივ არსებობს ახალი ფორმების შექმნის აბსოლუტური სურვილი, ყოველთვის ახალი ფორმების უსასრულო მოთხოვნა. თანამედროვეობა ახალი ფორმების უსასრულო წადილია. მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს სხეულის, სასრულობის, სექსის, სისატიკის, სიკვდილის აკვიატება. ამ ორ მხარეს შორის არსებული წინააღმდეგობა არის რაღაც, რაც ჰგავს ფორმალიზმისა და რომანტიზმის სინთეზს და გვევლინება, როგორც თანამედროვე ხელოვნების დომინანტური მიმართულება. მოცემული 15 თეზისიდან თითოეულს აქვს მიზანი, წამოჭრას საკითხი თუ როგორ არ ვიყოთ ფორმალისტ-რომანტიკოსები. ჩემი აზრით ეს არის თანამედროვე ხელოვნების მთავარი საკითხი.

1. ხელოვნება არ არის უსასრულობის მიუწვდომელი გარდმოსვლა სხეულისა და სექსუალურობის სასრულ არარაობაზე. იგი არის უსასრულო სუბიექტური სერიების წარმოება მატერიის გამოკლების (material subtraction) სასრული საშუალებებით.

2. ხელოვნება არ შეიძლება იყოს მხოლოდ თავისებურების გამოხატულება (იქნება ეს ეთნიკური თუ პირადი). ხელოვნება არის ობიექტური წარმოება ჭეშმარიტებისა, რომელიც განკუთვნილია ყველასათვის.

3. ხელოვნება არის ჭეშმარიტების პროცესი და ეს ჭეშმარიტება ყოველთვის არის აღქმადის ან გრძნობადის ჭეშმარიტება, აღქმადის როგორც აღქმადისა. ეს ნიშნავს: აღქმადის გარდაქმნას იდეის ხდომილებაში.

4. აუცილებლად არსებობს ხელოვნების დარგების მრავალგვარობა და როგორც უნდა ვეცადოთ წარმოვიდგინოთ მათი გადაკვეთის გზები, მაინც შეუძლებელია განვსაზღვროთ ამ მრავალგვარობის ტოტალიზაციის შესაძლებლობა.

5. ყოველგვარი ხელოვნება ვითარდება მიუღებელი ფორმიდან და ამ მიუღებლობის დროთა განმავლობაში გათავისება ქმნის როგორც გარკვეული სახელოვნებო ჭეშმარიტების, ასევე მისი გამოფიტვის ისტორიას.

6. სახელოვნებო ჭეშმარიტების საგანი არის ნაკრები იმ ნაშრომებისა, რომელთაგანაც იგი შედგება.

7. ეს შემადგენლობა უსასრულო კონფიგურაციაა, რომელიც ჩვენს თანამედროვე სახელოვნებო კონტექსტში წარმოგვიდგება, როგორც ზოგადი მთლიანობა.

8. ხელოვნების არსი გათავისების იმანენტური პროცესიდან გააზრებული იდეალური მიუღებლობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვნების ნედლი მასალა განისაზღვრება ფორმის გაუთვალისწინებელი ჩასახვით. ხელოვნება მეორადი ფორმალიზაციაა აქამდე უფორმო ფორმის დასაწყისისა.

9. თანამედროვე ხელოვნების ერთადერთი მაქსიმაა არ იყოს იმპერიული. ეს ასევე ნიშნავს, რომ ის შეიძლება არ იყოს დემოკრატიულიც, თუკი დემოკრატია გულისხმობს პოლიტიკური თავისუფლების იმპერიულ იდეასთან კომფორმიზმს.

10. არა-იმპერიული ხელოვნება აუცილებლად აბსტრაქტულია შემდეგი გაგებით: ის ახდენს ყოველგვარი თავისებურებისგან თავისი თავის აბსტრაგირებას და ამ აბსტრაქციის ჟესტისათვის ფორმის მიცემას.

11. არა-იმპერიული ხელოვნების აბსტრაქცია არ არის მიმართული რომელიმე განსაზღვრულ საზოგადოებაზე ან მაყურებელზე. არა-იმპერიული ხელოვნება დაკავშირებულია ერთგვარ არისტოკრატულ-პროლეტარულ ეთიკასთან: მხოლოდ და მხოლოდ ის აკეთებს რასაც ამბობს, სხვადასხვა ტიპის ადამიანების გარჩევის გარეშე.

12. არა-იმპერიული ხელოვნება უნდა იყოს ისეთივე ზუსტი როგორც მათემატიკური გამოხატულება. ისეთივე მოულოდნელი, როგორც ღამეული ჩასაფრება და ისეთივე მიუწვდომელი, როგორც ვარსკვლავი.

13. დღესდღეობით ხელოვნება შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საწყისი წერტილიდან, რომელიც, იმპერიის კონტექსტში, არ არსებობს. ხელოვნება თავისი აბსტრაქციის წყალობით ქმნის ხილვადს ამ არარსებობას. ეს არის, რაც მართავს ყოველგვარი ხელოვნების ფორმალურ პრინციპს - მცდელობა - გახადოს ყველასათვის ხილვადი ის რაც იმპერიისთვის (და ამგვარად ზოგადად ყველასთვის, თუმცა განსხვავებული პოზიციიდან) არ არსებობს.

14. რამდენადაც იგი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში აკონტროლოს ხილვადისა და სმენადის მთლიანი სფერო კომერციული მიმოქცევისა და დემოკრატიული კომუნიკაციის მარეგულირებელი კანონების მეშვეობით, იმპერია აღარ იყენებს ცენზურას. ყოველგვარი ხელოვნება და ყოველგვარი ფიქრი იმსხვრევა, როდესაც ჩვენ ვიღებთ ნებართვას მოვიხმაროთ, მოვახდინოთ კომუნიკაცია და ვისიამოვნოთ. ჩვენ უნდა გავხდეთ საკუთარი თავის დაუნდობელი ცენზორები.

15. სჯობს არაფერი აკეთო, ვიდრე შეიტანო წვლილი ისეთი ფორმალური საშუალებების გამოგონებაში, რაც ხილულს ქმნის იმას რის არსებობასაც იმპერია უკვე აღიარებს.

No comments:

Post a Comment