Monday, 21 June 2010

ღია ქალაქი/THE OPEN CITY

Housing and Urban Neighborhoods
Richard Sennett, Professor of Sociology, London School of Economics and Massachusetts Institute of Technology



საცხოვრისი და ურბანული გარემო

რიჩარდ სენეტი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის და მასაჩუსეტსის ტექნიკური უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი


თარგმანი: თორნიკე ასაბაშვილი
რედაქტირება: რუსუდან მირზიკაშვილი, ლევან ასაბაშვილი

დახურული სისტემა და მყიფე ქალაქი
ქალაქები, სადაც ყველას მოუნდებოდა ცხოვრება, უნდა იყოს სუფთა და უსაფრთხო, ფლობდნენ ეფექტურ სოციალურ მომსახურებას, გააჩნდეთ დინამიური ეკონომიკა, უზრუნველყოფდნენ კულტურულ სტიმულაციას და აკეთებდნენ ყველაფერს, რათა აღკვეთილ იქნას საზოგადოების რასობრივი, კლასობრივი და ეთნიკური დაყოფა. ქალაქები, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება ასეთი არ არის. ისინი ვერ აკმაყოფილებენ ვერც ერთ ზემოთხსენებულ მოთხოვნას მთავრობის პოლიტიკის, გამოუსწორებელი სოციალური მანკიერებების და ლოკალურ კონტროლს მიღმა მყოფი ეკონომიკური ძალების გამო. ქალაქი აღარ არის თავის თავის პატრონი. ჩვენს წარმოდგენაში იმის შესახებ თუ რა უნდა იყოს თავად ქალაქი, რაღაც რადიკალურად არასწორედ განვითარდა. საჭიროა წარმოვიდგინოთ კონკრეტულად როგორ უნდა გამოიყურებოდეს სუფთა, უსაფრთხო, ქმედითი, დინამიური და სამართლიანი ქალაქი, რათა კრიტიკულად დავუპირისპირდეთ და მიუთითოთ ჩვენს მმართველებს თუ რა და როგორ აკეთონ. სწორედ ქალაქის ეს კრიტიკული წარმოსახვა არის სუსტი. ეს სისუსტე სპეციფიკურად თანამედროვე პრობლემაა: მე-20 საუკუნის შუა ხანებში მკვეთრად დაეცა ქალაქთმშენებლობის ხელოვნება. ამის თქმით მსჯელობისათვის გთავაზობთ პარადოქსს: დღევანდელ დამგეგმარებელს გააჩნია ტექნოლოგიური ხელსაწყოების მთელი არსენალი – განათება, ხიდებისა და გვირაბთმშენებლობის ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები – რის წარმოდგენასაც ვერ შეძლებდნენ ურბანისტები თუნდაც ერთი საუკუნის წინ. წარსულთან შედარებით დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს გაცილებით მეტი რესურსი, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც და მაინც კრეატიულად ვერ ვიყენებთ.

ამ პარადოქსს მივყავართ ერთ დიდ შეცდომამდე, რომელიცაა ზედმეტი სწორხაზოვნება და დეტერმინიზმი, როგორც ქალაქის იერსახის ასევე მისი სოციალური ფუნქციის დაგეგმვისას. ტექნოლოგიები, რომელიც ექსპერიმენტის საშუალებას იძლევა, დამორჩილებულ იქნა ძალაუფლების რეჟიმის მიერ, რომელსაც სჭირდება წესრიგი და კონტროლი. ურბანისტებმა წინასწარ, ნახევარი საუკუნით ადრე განჭვრიტეს ახალი ლეიბორისტების “კონტროლის მანია’’. სივრცის ხისტი რეპრეზენტაციისა და მკვეთრი გამიჯვნების (მთარგმნელის შენიშვნა: ”მკვეთრი გამიჯვნა” - იგულისხმება მკაცრი ფუნქციური ზონირება) მარწუხებში ურბანულმა წარმოსახვამ სიცოცხლისუნარიანობა დაკარგა. კერძოდ, რაც თანამედროვე ურბანიზმს აკლია არის დროის შეგრძნება, დროისა, რომელიც ნოსტალგიით წარსულსკენ კი არა, წინ, მომავლისკენ იყურება. ამისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის, როგორც პროცესის აღქმა, სადაც მისი სახე იცვლება მისი გამოყენების მიხედვით, ურბანული წარმოსახვის სურათი ყალიბდება მოლოდინით და მზადაა სურპრიზებისთვის. ქალაქების წარმოსახვის გაყინვის პირველი ნიშანი 1920–იან წლებში ლე კორბუზიეს “Plan Voisin”-ში ჩნდება. (მთარგმნელის შენიშვნა: “Plan Voisin” - არქიტექტორ ლე კორბუზიეს განუხორციელებელი ქალაქგეგმარებითი პროექტი ქ. პარიზისთვის 1920 წ.) არქიტექტორმა თავის ჩანაფიქრში ერთი ხელის მოსმით შეცვალა პარიზის ისტორიული ცენტრის დიდი ნაწილი გეგმაში ჯვრის მოხაზულობის ერთფეროვანი მაღლივი შენობებით, მოსპო მიწის დონეზე საზოგადოებრივი აქტივობა და შენობების ფუნქციის განსაზღვრა ერთადერთ გენერალურ გეგმას დაუქვემდებარა. ლე კორბუზიეს არქიტექტურა არ არის მხოლოდ შენობების ინდუსტრიული წარმოება, არამედ “Plan Voisin”- ში, მიწის დონეზე არარეგულირებადი საზოგადოებრივი ცხოვრების აღკვეთით იგი შეეცადა დაენგრია ქალაქის სწორედ ის სოციალური ელემენტები, რომელებიც დროთა განმავლობაში იწვევენ ცვლილებებს. მისი გეგმის მიხედვით ხალხი გადადიოდა სამუშაოდ და საცხოვრებლად ზევით, იზოლირებულ სივრცეში.

ეს დისტოპია სხვადასხვა გზით რეალობად იქცა. “Plan Voisin” - ში შემოთავაზებული შენობის ტიპმა განსაზღვრა სახელმწიფო საბინაო მშენებლობები ჩიკაგოდან მოსკოვამდე – საცხოვრებელი მასივები, რომლებიც თანდათან ღარიბთა თავშესაფარს დაემსგავსა. კორბუზიეს იდეა, რომელიც მიზნად ისახავდა ქუჩის სიცოცხლით სავსე ცხოვრების აღკვეთას ასევე განხორციელდა საშუალო კლასებისთვის განკუთვნილი სუბურბანული ზრდისას. (მთარგმნელის შენიშვნა: სუბურბანიზაცია, იგივე სუბურბანული ზრდა - ქალაქის გარეუბნების დაბალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი რაიონებით განაშენიანება, სადაც ძირითადი შემადგენელი ნაწილი კერძო ერთბინიანი სახლებია. სუბურბია გამორჩეულია იმით, რომ რჩება ქალაქის ორბიტაზე: დამოკიდებულია მასზე სამუშაო ადგილებით, აუცილებელი სერვისებით და ა.შ.) ცენტრალური ქუჩები შეიცვალა მონოფუნქციური სავაჭრო ცენტრებითა და ექსკლუზიური უბნებით, იზოლირებული კამპუსების მსგავსად მოწყობილი სკოლებითა და საავადმყოფოებით. მე-20 საუკუნეში ფუნქციური ზონირების გაძლიერება უპრეცენდენტოა ქალაქმშენებლობის ისტორიაში. ბიუროკრატიული რეგულაციებისა და წესების ასეთმა გავრცელებამ შეუძლებელი გახადა ადგილობრივი ინიციატივა და განვითარება, რამაც გამოიწვია ქალაქების გაყინვა დროში. გადამეტებული დეტერმინიზმის შედეგია ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ მყიფე ქალაქი. თანამედროვე ურბანული გარემო გაცილებით უფრო სწრაფად დეგრადირდება ვიდრე წარსულიდან შემორჩენილი ურბანული ქსოვილი. დღეს შენობები ფუნქციის შეცვლისას ექვემდებარებიან გარდაუვალ დემონტაჟს, ნაცვლად მათი ახალ ფუნქციასთან ადაპტაციისა. მართლაც, ფორმისა და ფუნქციის გადაჭარბებულად დეტალური განსაზღვრის გამო თანამედროვე ურბანული გარემო განსაკუთრებით მიდრეკილია მოძველებისა და დეგრადირებისკენ. დღეს დიდი ბრიტანეთის სუბსიდირებული საბინაო მშენებლობის არსებობის საშუალო ხანგრძლივობა 40 წელს შეადგენს, ხოლო ნიუ იორკის ახალი ცათამბჯენებისა 30-35 წელს.

ერთი შეხედვით მყიფე ქალაქმა შეიძლება სტიმულირება გაუწიოს ურბანულ ზრდას, სადაც ახალი საოცარი სისწრაფით ანგრევს ძველს, მაგრამ ფაქტები ისევ და ისევ ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობა პერმანენტულად ტოვებს მოძველებულ სუბურბიას ნაცვლად იქ ხელახლა ინვესტირებისა. ბრიტანეთში და ევროპის კონტინენტზე, ისევე როგორც ამერიკაში ქალაქის ცენტრის „განახლება“ უფრო ხშირად მისი მკვიდრი მოსახლეობისგან დაცლას ნიშნავს. „ზრდა“ ურბანულ გარემოში გაცილებით რთული ფენომენია ვიდრე უბრალოდ ძველის ჩანაცვლება ახლით. ზრდა საჭიროებს დიალოგს წარსულსა და აწმყოს შორის, ის ევოლუციის საკითხია და არა არსებულის ერთი ხელის მოსმით წაშლისა. ეს პრინციპი სწორია როგორც სოციალური, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით. სოციალური კავშირები არ იქმნება უეცრად, დამგეგმარებლის ერთი კალმის მოსმით. მათ ჩამოსაყალიბებლად ასევე დროა საჭირო. ქალაქმშენებლობის დღევანდელი ხერხები – ფუნქციური დანაწევრება, მოსახლეობის ჰომოგენიზაცია, ზონირებითა და რეგულაციებით ადგილის მნიშვნელობისა და ფუნქციის წინასწარი განსაზღვრა – ვერ აძლევს საზოგადოებას განვითარებისათვის საჭირო დროსა და სივრცეს. მყიფე ქალაქი არის სიმპტომი. იგი გამოხატავს თვით საზოგადოებას, როგორც ჩაკეტილ სისტემას. ჩაკეტილი სისტემა არის კონცეფცია, რომელიც მე-20 საუკუნის განმავლობაში თან სდევდა სახელმწიფო სოციალიზმს და ასევე დიდწილად განსაზღვრავდა ბიუროკრატიულ კაპიტალიზმს. საზოგადოების ასეთ ხედვას ორი მნიშვნელოვანი თვისება გააჩნია: წონასწორობა და ინტეგრაცია.

წონასწორობით მართული ჩაკეტილი სისტემა გამომდინარეობს ბაზრების მუშაობის პრეკეინზიანური იდეიდან ბაზრის ფუნქციონირების შესახებ. (მთარგმნელის შენიშვნა: კეინზიანური ეკონომიკა - მაკრო ეკონომიკის თეორია, რომელიც ემყარება მე-20 საუკუნის ბრიტანელი ეკონომისტის ჯონ მაინარდ კეინზის იდეებს) ამ თეორიის მიხედვით საბოლოო შედეგის სახით, შესაძლებელია შემოსავლის და ხარჯის ბალანსი. სახელმწიფო დაგეგმარებაში, საინფორმაციო ურთიერთკავშირის წრე და შიდა ბაზრები უზრუნველყოფენ, რომ პროგრამებში არ მოხდეს ხელმისაწვდომზე მეტი რესურსების გადანაწილება - არ მოხდეს რესურსების ეგრეთწოდებულ შავ ხვრელში გადინება. ასეთია ბოლოდროინდელი ჯანდაცვის რეფორმების ენა, რომელსაც ურბანისტებიც იყენებენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რესურსების განაწილებისას. სხვა დანარჩენი ამოცანების უგულვებელყოფის შიშით წესდება ზღვარი რაიმეს ნამდვილად კარგად შესრულებაზე. დახურულ სისტემაში ყველაფერი ერთდროულად ხდება, მაგრამ ცოტაოდენი დოზით.

დახურული სისტემა მოიაზრება როგორც ინტეგრირებული სისტემა. იდეალურ ვარიანტში სისტემის ყოველ ნაწილს გააჩნია თავისი განსაზღვრული ადგილი საერთო მონახაზში. ამ იდეალის შედეგი არის იმ გამოცდილებების დევნა და უარყოფა, რომლებიც არ ჯდება საერთო სურათში, რადგან ისინი ეპაექრებიან მას ან იწვევენ დეზორიენტაციას. ამგვარად ხდება იმ მოვლენების მნიშვნელობის გაუფასურება, რომლებიც არათავსებადია არსებულ წესრიგთან. ინტეგრაციაზე აქცენტი აშკარად კრძალავს ექსპერიმენტს. როგორც კომპიუტერული პიქტოგრამის გამომგონებელმა ჯონ სილი ბრაუნმა აღნიშნა, ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლე დაბადებისთანავე უქმნის უფრო დიდ სისტემას დისფუნქციისა და ნგრევის საფრთხეს. ასეთივე საშიში გამონაკლისები ხდება ურბანულ გარემოშიც. ამ საფრთხეების, აღკვეთას შეეცადა თანამედროვე ქალაქგეგმარება, ისტორიული, არქიტექტურული, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტების განმსაზღვრელი უამრავი წესების აკუმულირებით. წესებისა, რომლებშიც „კონტექსტი“ ზრდილობიანი, მაგრამ ძლევამოსილი სიტყვაა. იგი ახდენს იმ ყველაფრის რეპრესირებას, რაც არათავსებადია; უზრუნველყოფს, რომ არაფერი არ ამოვარდეს საერთო სურათიდან, არ იყოს შეურაცხმყოფელი ან გამომწვევი. ასე რომ, წონასწორობისა და ინტეგრაციის შეცდომები ხელს უშლის თანმიმდევრულობას, როგორც განათლების, ასევე ქალაქგეგმარების სფეროში, რადგან გეგმარებითმა შეცდომებმა გადაკვეთეს ზღვარი სახელმწიფო კაპიტალიზმსა და სახელმწიფო სოციალიზმს შორის. ამგვარად, დახურული სისტემა ფარდას ხდის მე-20 საუკუნის ბიუროკრატების შიშს არეულობისა და მოუწესრიგებლობისადმი.

თავისუფალი ბაზარი არ წარმოადგენს დახურული სისტემის სოციალურ კონტრასტს, არც დეველოპერების მიერ მართული ადგილია მყიფე ქალაქის ალტერნატივა. ეს წინააღმდეგობა ფაქტიურად ის არ არის რაც გვგონია. ზოგადად ნეო–ლიბერალიზმის, კერძოდ კი ტეტჩერიზმის ეშმაკობა იყო თავისუფლების ენით ლაპარაკი და ამავდროულად ჩაკეტილი ბიუროკრატიული სისტემებით მანიპულირება ელიტის კერძო ინტერესების სასარგებლოდ. ჩემი, როგორც დამგეგმარებლის გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ იმ დეველოპერებს ლონდონსა თუ ნიუ იორკში, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა გამოხატავენ უკმაყოფილებას ზონალური შეზღუდვების გამო, შესანიშნავად აქვთ ათვისებული ამ წესების გამოყენება საზოგადოების ხარჯზე. დახურული სისტემის ალტერნატივა სხვაგვარი სოციალური სისტემაა, არა უხეში კერძო ინიციატივა, არამედ სოციალური სისტემა, რომელიც არის გახსნილი. სწორედ ასეთი ღია სისტემის დახასიათებასა და ღია ქალაქში მისი განხორციელების ანალიზს გთავაზობთ ამ სტატიაში.

ღია სისტემა
ღია ქალაქის იდეა საკუთრივ ჩემი არ არის, იგი გამოჩენილ ურბანისტს ჯეინ ჯაკობსს ეკუთვნის. მან ეს განსაზღვრება ლე კორბუზიეს ურბანული ხედვის საწინააღმდეგო არგუმენტებში გამოიყენა. იგი ცდილობდა გარკვეულიყო თუ რა შედეგი წარმოიქმნება ტერიტორიის სიმჭიდროვის ზრდისა და დივერსიფიკაციის დროს, როგორც ეს ხდება საზოგადოებრივი და კერძო ფუნქციით დატვირთულ, გადაჭედილ ქუჩებსა და მოედნებზე. სწორედ ასეთ მდგომარეობაში ხდება მოულოდნელი შეხვედრა, შემთხვევითი აღმოჩენა, ინოვაცია. მისი იდეები, აირეკლა უილიამ ემპსონის (მთარგმნელის შენიშვნა: უილიამ ემპსონი - ინგლისელი ლიტერატურის კრიტიკოსი და პოეტი) მახვილგონივრულ გამონათქვაში: “ხელოვნება გადაჭარბებული სიმჭიდროვის შედეგია”. ჯაკობსი ცდილობდა განესაზღვრა ურბანული განვითარების კონკრეტული სტრატეგიები იმ დროისთვის, როდესაც ქალაქი განთავისუფლდებოდა წონასწორობითა და ინტეგრაციით შევიწროებისაგან. ამაში შედის არსებულ შენობებზე არაფორმალური და დროებითი მიშენებებისა და ადაპტაციების წახალისება; საზოგადოებრივი სივრცის ისეთი განსხვავებული გამოყენებების მხარდაჭერა, რომელიც ერთმანეთს აკურატულად არ შეესაბამება, მაგალითად შიდსის ცენტრის არსებობა მთავარ სავაჭრო ქუჩაზე. მისი მოსაზრებით დიდი კაპიტალიზმი და ძლევამოსილი დეველოპერები კეთილგანწყობილნი არიან ჰომოგენურობის მიმართ, რომლის ფორმაც განსაზღვრული, განჭვრეტადი და დაბალანსებულია. აქედან გამომდინარე, რადიკალი ქალაქმგეგმარებლის როლი დისონანსისათვის ბრძოლაა. მისი ცნობილი გამონათქვამია: „თუკი სიმჭიდროვე და მრავალფეროვნება გვაძლევს სიცოცხლეს, მაშასადამე სიცოცხლე, რომელსაც ისინი ქმნიან არის უწესრიგო“ . ღია ქალაქი ნეაპოლს ჰგავს, ხოლო ჩაკეტილი - ფრანკფურტს.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველად ვიყავი ჩაღრმავებული ჩემს სამუშაოში ჯეინ ჯაკობსის ჩრდილ ქვეშ. ვიზიარებდი მის მტრულ დამოკიდებულებას ჩაკეტილი სისტემისადმი (თუმცა ფორმალური მცნება ჩემია და არა მისი) და ასევე მის ბრძოლას კომპლესურობის, მრავალფეროვნებისა და დისონანსის დასაცავად. ახლახან, მისი ნამუშევრების ხელახლა კითხვისას, შევამჩნიე ის, რაც ჩემთვის ამდენი ხნის მანძილზე შეუმჩნეველი რჩებოდა. თუ ჯეინ ჯაკობსი არის ურბანული ანარქისტი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, მაშინ იგი განსაკუთრებული სახის ანარქისტად შეიძლება მოვიაზროთ. იგი სულიერად უფრო ახლოს არის ედმუნდ ბიურკესთან (მთარგმნელის შენიშვნა: ედმუნდ ბიურკე - ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი, პოლიტიკური თეორისტი და ფილოსოფოსი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ამერიკის რევოლუციას. იგი მოიაზრება, როგორც თანამედროვე კონსერვატივიზმის და კლასიკური ლიბერალიზმის ერთერთ ფუძემდებლად) ვიდრე ემა გოლდმანთან (მთარგმნელის შენიშვნა: ემა გოლდმანი - ანარქისტი, რომელმაც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გადამწყვეტი როლი ითამაშა ანარქისტული პოლიტიკური ფილოსოფიის განვითარებაში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში) მას სჯერა, რომ ღია ქალაქში, ისევე როგორც ბუნებაში, სოციალური და ვიზუალური ფორმები მუტაციას განიცდიან შემთხვევითი ვარიაციით. ხალხს უკეთ შეუძლია ცვლილებაში მონაწილეობის მიღება, ადაპტაცია და მისი შეთვისება თუ ის ხდება ნელ – ნელა, დროთა განმავლობაში. ეს არის ევოლუციური ურბანული დრო, ნელი დრო, რომელიც სჭირდება ურბანული კულტურის ფეხის მოკიდებას, განვითარებას, შემთხევითობის და ცვლილების შეგუებას. ამიტომ არის, რომ ნეაპოლი, კაირო და ნიუ იორკის ქვედა აღმოსავლეთ სანაპირო (Lower East Side) მათი მწირი რესურსების მიუხედავად ჯერ კიდევ აგრძელებენ „მუშაობას“ იმ გაგებით, რომ მოსახლეობას მეტად ანაღვლებს მათი საცხოვრებელი გარემო. მოსახლეობა აქ მყარად არის დაფუძნებული. ადგილისადმი ამ მიჯაჭვულობას ხელს უწყობს დრო. ჩემთვის დავინტერესებულვარ, თუ რა სახის ვიზუალურ ფორმებს შეეძლოთ გამოეწვიათ დროის ამგვარი განცდა?. შეიძლება თუ არა, რომ ეს მიჯაჭვულობა არქიტექტორებმა დააპროექტონ? რა სახის არქიტექტურა გამოიწვევს ისეთი სოციალური ურთიერთობების გაღვივებას, რომლებიც გაუძლებენ დროს, მხოლოდ იმიტომ რომ მათ მიეცემათ განვითარებისა და მუტაციის შესაძლებლობა? ევოლუციური დროის ვიზუალური სრუქტურირება ღია ქალაქის სისტემატური მახასიათებელია. ამ განაცხადის დაკონკრეტებისთვის, მინდა ავღწერო ღია ქალაქის სამი სისტემური ელემენტი: 1. გასასვლელები 2. დაუსრულებელი ფორმა 3. განვითარების ნარატივები.

1. გასასვლელები
აქ მინდა დეტალურად აღვწერო ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიების გავლის გამოცდილება, იმიტომ, რომ ეს აქტი არის გამოვლინება იმისა თუ როგორ შევიცნობთ ქალაქს, როგორც მთლიანობას, და იმიტომაც, რომ დამგეგმარებლებს და არქიტექტორებს ასე უჭირთ ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილების პროცესის დაპროექტება. დავიწყებ კედლებით, რომლებიც ერთი შეხედვით გადაადგილების შემაკავებელ სტრუქტურას წარმოადგენს. შემდეგ გამოვიკვლევ იმ სხვადასხვა შემთხვევებს, როცა ურბანული ტერიტორიის კიდეები ფუნქციონირებს როგორც კედლები. კედელი ნაკლებსავარაუდო არჩევანი იქნებოდა, რადგან ის ისეთი ურბანული კონსტრუქციაა, რომელიც პირდაპირი გაგებით ზღუდავს ქალაქს. არტილერიის გამოგონებამდე თავდასხმისას ხალხი ქალაქის კედლებს აფარებდა თავს. კედელში დატანებული კარიბჭეები ასევე არეგულირებდნენ ქალაქში შემომავალ ვაჭრებსა და საქონელს და ხშირად გადასახადების აკრეფის ადგილსაც წარმოადგენდნენ. შუა საუკუნეების მასიური კედლები, რომლებიც გვხვდება მაგალითად ექს-ან-პროვანსში და რომში, შეიძლება მცდარ საერთო სურათს გვთავაზობს; ძველი ბერძნული კედლები უფრო დაბალი და თხელი იყო. თუმცა ჩვენ ასევე ვცდებით იმის წარმოდგენაში თუ როგორ ფუნქციონირებდა შუა საუკუნეების კედლები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქმნიდნენ ჩაკეტილ სივრცეებს, ისინი ასევე წარმოადგენდნენ ქალაქში არარეგულირებადი განვითარების ადგილებს. სახლები შუასაუკუნეების ქალაქის კედლების ორივე მხარეს შენდებოდა. კედლების მიმდებარე ტერიტორიები ხშირად ხდებოდა არაფორმალური ბაზრებისა და დაუბეგრავი საქონლის გავრცელების ადგილი. ცენტრის კონტროლისაგან მოშორებული კედლის ზონა მაგნიტივით იზიდავდა ერეტიკოსებს, უცხო ქვეყნებიდან განდევნილებსა და სხვა საზოგადოებისთვის მიუღებელ პირებს. ეს იყო სივრცეები, რომლებიც ალბათ ანარქიულ ჯეინ ჯაკობსს მიიზიდავდა.

ეს იყო ის ადგილები, რომლებიც მის ორგანულ ტემპერამენტს მოერგებოდა. ეს კედლები ფუნქციონირებდნენ, როგორც უჯრედოვანი მემბრანები, რომელთაც ორმაგი – ფოროვანი და მედეგი თვისება აქვთ. ვფიქრობ, მემბრანის ეს ორმაგი თვისება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრინციპს უფრო თანამედროვე ურბანული ფორმების ვიზუალიზაციისათვის. როცა არ უნდა ვაშენებდეთ ბარიერს, ამასთანავე უნდა გავხადოთ იგი ფოროვანი, სადაც სხვაობა შიდა და გარე სივრცეებს შორის უნდა იყოს დარღვევადი თუ არა ბუნდოვანი.

მინის ფურცლები, რომლებსაც დღეს, ჩვეულებრივ, კედლებისათვის იყენებენ ამის საშუალებას არ იძლევა. მართალია მიწის დონეზე ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა დავინახოთ თუ რა არის შენობის შიგნით, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია შევეხოთ, შევიყნოსოთ ან მოვისმინოთ რაც შიგნითაა. როგორც წესი, შენობაზე მინა ხისტადაა დამაგრებული, და რჩება მხოლოდ ერთი რეგულირებადი შესასვლელი შიგნით. შედეგი არის ის, რომ ამ გამჭვირვალე კედლის ვერც ერთ მხარეს დიდი ვერაფერი ვითარდება. ამის მაგალითებია ლუდვიგ მის ვან დერ როეს სიგრამის შენობა ნიუ იორკში ან ნორმან ფოსტერის მერიის შენობა ლონდონში, სადაც კედლის ორივე – შიდა და გარე მხარეს მკვდარი სივრცეებია. ამის საპირისპიროდ, მე-19 საუკუნის არქიტექტორმა ლუის სალივანმა უფრო მოხერხებულად გამოიყენა მინის ფურცლების ბევრად უფრო პრიმიტიული ფორმები, როგორც საზოგადოების თავშეყრის და შენობაში შესვლის მოსაწვევი. მისი მინის პანელები ფოროვანი კედლებივით ფუნქციონირებს. დიზაინში მინის გამოყენების ეს კონტრასტი აჩვენებს წარმოსახვის დღევანდელ ჩავარდნას თანამედროვე მასალის გამოყენებაში, ისე რომ მას ჰქონდეს სოციალური ეფექტი. ფოროვანი და ამავდროულად მედეგი უჯრედოვანი კედლის იდეა შეიძლება გავრცელდეს ერთი კონკრეტული შენობიდან იმ ზონებზეც, სადაც ქალაქის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ხვდება ერთმანეთს.

2. დაუსრულებელი ფორმები
კედლების და საზღვრების განხილვას ლოგიკურად მივყავართ ღია ქალაქის მეორე სისტემურ მახასიათებელთან, რომელიცაა დაუსრულებელი ფორმა. დაუსრულებლობა შეიძლება მოსჩანდეს, როგორც სტრუქტურის მტერი, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. დიზაინერმა უნდა შექმნას კონკრეტული ტიპის ფიზიკური ფორმები, რომლებიც იქნება „დაუსრულებელი“ სპეციფიკური გაგებით. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვაპროექტებთ ქუჩას, სადაც შენობები ქუჩის ხაზიდან შეწეულია მათ წინ დარჩენილი ღია სივრცე არ არის ნამდვილი საზოგადოებრივი სივრცე. შენობა უბრალოდ მოშორებულ იქნა ქუჩიდან. ჩვენ ვიცით ამის პრაქტიკული შედეგები: ხალხი, რომელიც მოძრაობს ქუჩაში, ჩვეულებრივ თავს არიდებს ასეთ განმარტოებულ სივრცეებს. გაცილებით უკეთესია ისეთი დაგეგმარება, როდესაც შენობა წინ არის გამოწეული და მოქცეულია სხვა შენობების კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში შენობა ურბანული ქსოვილის ნაწილი გახდება, მისი მოცულობითი ელემენტების ნაწილი დაუსრულებლად გახსნილი იქნება. აქ დაუსრულებლობა მდგომარეობს ობიექტის რაობის აღქმაში. ფორმის დაუსრულებლობა გავლენას ახდენს თავად შენობების კონტექსტზეც. კლასიკურ რომში, იმპერატორ ადრიანეს პანთეონი თანაარსებობდა ნაკლებად მნიშვნელოვან შენობებთან, რომლებიც მას გარს ერტყმოდნენ ურბანული ქსოვილის სახით, მიუხედავად იმისა, რომ ადრიანეს არქიტექტორებმა პანთეონი ჩაიფიქრეს, როგორც თავის თავზე ორიენტირებული ობიექტი. ასეთი თანაარსებობის მაგალითები სხვა მრავალ არქიტექტურულ მონუმენტებთანაც გვხვდება: წმინდა პავლეს ტაძარი ლონდონში, როკფელერის ცენტრი ნიუ იორკში, არაბული კულტურის ცენტრი პარიზში – ყველა მათგანი არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია, რომელიც სტიმულს აძლევს თავის გარშემო განაშენიანებას. ურბანული თვალსაზრისით მნიშვნელობა აქვს სწორედ სტიმულირების ფაქტს და არა იმას, რომ მიმდებარე განაშენიანება უფრო დაბალი ხარისხისაა – როცა ერთი შენობა დასმულია ისე, რომ ხელს უწყობს განაშენიანების განვითარებას მის გარშემო. ასეთ შემთხვევაში სწორედ ამ ურთიერთმიმართების წყალობით შენობები იძენენ სპეციფიკურ ურბანულ მნიშვნელობას და ხდებიან დაუსრულებელი ფორმები დროში, თუკი განვიხილავთ თითოეულ მათგანს, როგორც დამოუკიდებელ ობიექტს.

დაუსრულებელი ფორმა უპირველეს ყოვლისა კრეატიული კრედოა. პლასტიკურ ხელოვნებაში იგი გადმოიცემა განზრახ დაუსრულებლად დატოვებულ ქანდაკებაში, პოეზიაში – ვალას სტივენის სიტყვებით რომ ვთქვათ – “ფრაგმენტის შედგენაში”. არქიტექტორი პიტერ აიზენმანი დაახლოებით იგივე კრედოს გამოღვიძებას ცდილობდა ტერმინით „მსუბუქი არქიტექტურა“, სადაც გულისხმობდა ისეთ არქიტექტურას, რომლის გაზრდა და შიდა სივრცის გადაკეთებაც შესაძლებელი იქნებოდა, დროთა განმავლობაში საცხოვრებელი მოთხოვნების ცვლასთან ერთად. ასეთი კრედო ეწინააღმდეგება მყიფე ქალაქისათვის დამახასიათებელ ფორმების მარტივ ჩანაცვლებას, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მომთხოვნია. მაგალითად, როცა ვცდილობთ საოფისე შენობები საცხოვრებლებად გადავაკეთოთ.

3. განვითარების ნარატივები
ჩვენი, როგორც ურბანისტების სამუშაო უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს ურბანული განვითარების ნარატივების ფორმირებას. ამით ვგულისხმობთ, რომ ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ იმ ეტაპებზე, რომლებშიც ვითარდება კონკრეტული პროექტი. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს პირველად და რა არის შემდგომ ამ თავდაპირველი ქმედებების შედეგი. განსაზღვრული მიზნისაკენ ჯარისკაცული მარშირების ნაცვლად ჩვენ ვაკვირდებით იმ განსხვავებულ და ურთიერთსაპირისპირო შესაძლებლობებს, რომელიც დიზაინის პროცესის თითოეულ ეტაპზე უნდა გამომჟღავნდეს. ამ შესაძლებლობების ხელუხლებლად შენარჩუნება და კონფლიქტური ელემენტების თამაშში დატოვება იწვევს დიზაინის სისტემის გახსნას. არა მხოლოდ ურბანისტები მივმართავთ ამ მეთოდს. ნოველისტი მოთხრობის დასაწყისშივე რომ აცხადებდეს მისი პერსონაჟების ბედს და ნაწარმოების იდეას, ჩვენ დაუყოვნებლივ დავხურავდით წიგნს. ყველა კარგ მოთხრობას აქვს გაუთვალისწინებლის აღმოჩენის თვისება. მწერლის ხელოვნება აღმოჩენის ამ პროცესის ფორმირებაა. ურბანისტის ხელოვნებაც ამის მსგავსია. მთლიანობაში ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ღია სისტემა ისეთად, სადაც ზრდა სცნობს კონფლიქტსა და დისონანსს. ეს განსაზღვრება საფუძველში ეთანხმება ევოლუციის დარვინისეულ გაგებას. დარვინი ხაზსს უსვამდა, რომ ზრდის პროცესი არის მუდმივი ბრძოლა წონასწორობასა და უწონასწორობას შორის და არა ყველაზე ძლიერის (ან ყველაზე ლამაზის) გადარჩენა. ხისტი ფორმისა და სტატიკური პროგრამის მქონე გარემო დროში განწირულია. ამის საპირისპიროდ ბიოლოგიური მრავალფეროვნება სამყაროს აძლევს რესურსებს ცვლილების უზრუნველსაყოფად. ეს ეკოლოგიური ხედვა თანაბრად შეესაბამება ადამიანთა დასახლებებსაც, მაგრამ ეს არ გახლავთ ის ხედვა, რომლითაც მე-20 საუკუნის სახელმწიფო დაგეგმარება ხელმძღვანელობდა. არც სახელმწიფო კაპიტალიზმს და არც სახელმწიფო სოციალიზმს არ მიუღია ზრდის იდეა ისე, როგორც ეს დარვინმა ბუნებრივ სამყაროში შეიცნო - გარემო რომელიც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ძალისა და ფუნქციის მქონე ორგანიზმებს შორის ინტერაქციას.

4. დემოკრატიული სივრცე
როდესაც ქალაქი მოქმედებს, როგორც ღია სისტემა, აერთიანებს რა ტერიტორიის ფოროვანობის, ნარატივების განუსაზღვრელობისა და დაუსრულებელი ფორმების პრინციპებს, იგი ხდება დემოკრატიული არა ლეგალური გაგებით, არამედ ფიზიკური გამოცდილების თვალსაზრისით. წარსულში დემოკრატია აღიქმებოდა, როგორც ფორმალური მმართველობა, დღეს კი ფოკუსირება ხდება მოქალაქეობრიობასა და თანამონაწილეობის საკითხებზე. თანამონაწილეობა არის საკითხი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფიზიკურ ქალაქთან და მის იერსახესთან. მაგალითად, ძველ ბერძნულ პოლისში, ათენელებმა ნახევარწრიული ფორმის თეატრს პოლიტიკური ფუნქცია მიანიჭეს. ასეთი არქიტექტურული ფორმა იძლეოდა შესანიშნავ აკუსტიკასა და დებატებში მონაწილე ორატორების მკაფიოდ დანახვის საშუალებას. მეტიც, იგი იძლეოდა დებატების დროს დამსწრე საზოგადოების გრძნობების აღქმის საშუალებას. თანამედროვე დროში, ჩვენ არ გაგვაჩნია მსგავსი დემოკრატიული სივრცის მოდელი და არ გვაქვს ნათელი წარმოდგენა დემოკრატიულ ურბანულ სივრცეზე. ჯონ ლოკმა (მთარგმნელის შენიშვნა: ჯონ ლოკი - მე-17 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი) დემოკრატია განსაზღვრა, როგორც კანონების კრებული რომლის გამოყენება ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. დემოკრატია, თომას ჯეფერსონის (მთარგმნელის შენიშვნა: თომას ჯეფერსონი - ამერიკის მესამე პრეზიდენტი 1801-1809 წლებში) თვალში შეუთავსებელი იყო ქალაქურ ცხოვრებასთან. მისი აზრით სივრცე, რომელსაც დემოკრატია საჭიროებდა შესაძლებელია ყოფილიყო არა უდიდეს სოფლისა. მისმა შეხედულებამ დღემდე მოაღწია. დემოკრატიული პრაქტიკის მოწინავეებმა მე–19 და მე–20 საუკუნეებში აჩვენეს ეს მცირე ადგილობრივ თემებსა და უშუალო ურთიერთობებში. დღევანდელი ქალაქი გაცილებით დიდია, სავსეა მიგრანტებითა და გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით. აქ ხალხი ერთდროულად მიეკუთვნება სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს მათი შრომითი საქმიანობიდან, ოჯახიდან, სამომხმარებლო ჩვეულებებიდან და თავისუფალი დროის გატარების მანერიდან გამომდინარე. ქალაქებისათვის, როგორიცაა ლონდონი და ნიუ იორკი, ხდებიან რა ისინი გლობალური თავისი მასშტაბით, მოქალაქეების თანამონაწილეობის პრობლემა არის საკითხი თუ როგორ იგრძნონ ერთმანეთისთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმა ურთიერთკავშირი. დემოკრატიული სივრცე ნიშნავს ამ ერთმანეთისათვის უცხო ადამიანებისთვის ფორუმის შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ ინტერაქციას.

ლონდონში ამის განხორციელების კარგი მაგალითა წმინდა პავლეს ტაძარსა და ტეიტის თანამედროვე ხელოვნების გალერეას შორის დამაკავშირებელი დერეფანი, რომელიც ახალმა ”ათასწლეულის ხიდმა” შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან განსაზღვრულია, დერეფანი არ წარმოადგენს დახურულ ფორმას. ტემზის ორივე – სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაპირზე იგი იწვევს მიმდებარე შენობების რეგენერაციას, რომლებიც არ არიან კავშირში საკუთრივ მის დანიშნულებასა და დიზაინთან. თითქმის გახსნისთანვე დერეფანმა მოახდინა მის გასწვრივ მოსიარულე ხალხის არაფორმალური აღრევისა და ურთიერთკავშირების სტიმულირება და ბიძგი მისცა უცნობებს შორის გაუცხოების შემსუბუქებას, რაც საფუძვლად უდევს “ჩვენ”–ის ჭეშმარიტად თანამედროვე გაგებას. ეს არის დემოკრატიული სივრცე. თანამონაწილეობის პრობლემა, რომელიც დღეს ქალაქების წინაშე დგას, არის ის თუ როგორ შეიქმნას ნაკლებად ცერემონიულ სივრცეებში უცნობებს შორის ურთიერთკავშირის ასეთივე შეგრძნება. ეს არის პრობლემა რომელიც თავს იჩენს საზოგადოებრივი სივრცის, საავადმყოფოების, საქალაქო სკოლების, დიდი საოფისე კომპლექსების, ცენტრალური ქუჩების განახლების, და განსაკუთრებულად იმ ადგილების დაგეგმარებისას, სადაც მუშაობენ მთავრობები. როგორ შეიძლება ასეთი ადგილების გახსნა? როგორ შეიძლება გაიდოს ხიდი შიდა და გარე სივრცეებს შორის? როგორ შეიძლება გეგმარებამ წარმოშვას ზრდის ახალი პროცესი? როგორ შეიძლება ვიზუალურმა ფორმამ გაააქტიუროს თანამონაწილეობა და იდენტიფიკაცია? ეს ის საჭირბოროტო კითხვებია, რომელთა პასუხებიც უნდა ეძიოს ურბანულმა დაგეგმარებამ ურბანულ ეპოქაში.

3 comments:

  1. neta chveni sazogadoeba oodnav mainc interesdebodes am sakitxebit.

    ReplyDelete
  2. wow you translated the whole thing, big ups!!

    ReplyDelete
  3. yes, we thought it would be nice to have it in Georgian :))

    ReplyDelete