Monday, 21 March 2011

რეალური მხარდაჭერა არის აქტიური თანამონაწილეობა

2011 წლის მარტში სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ჯგუფმა გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც გამოაცხადა გადაწყვეტილება თავად მოჰკიდოს ხელი იმგვარი რეალობის ფორმირებას, სადაც მისი წევრები შეძლებენ სრულყოფილი განათლების მიღებას და თვითრეალიზაციას. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება პასუხია სამხატვრო აკადემიაში არსებულ საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ მდგომარეობაზე, ” რომლის ამოცანა შემოქმედებითი სულისა და აზროვნების ჩაკვლა და უსულო “წესრიგის” დამკვიდრებაა”. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, აქვე სტუდენტები უნდობლობას უცხადებენ აკადემიის ადმინისტრაციას, სასამართლოს და სახელმწიფო ინსტიტუტებს და საკუთარ თავზე იღებენ თავისუფალი სახელოსნოს დაარსებას, სადაც განხორციელდება მათი აზროვნებისა და შემოქმედებისაკენ მისწრაფება.

ამ წერილით მინდა გავიზიარო სტუდენტების პოზიცია და გამოვხატო სრული მხარდაჭერა ამ ჯგუფის მიმართ. ეს ინიციატივა არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც სტუდენტების გაერთიანება მათი ვიწრო ინტერესების გარშემო, რომელიც მათ პირად ამბიციებს არ სცდება. ვფიქრობ, რომ ეს არის სტუდენეტების ადეკვატური რეაქცია იმ მდგომარეობაზე რაც შექმნილია სამხატვრო აკადემიაში, განათლების სისტემასა და ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ხარისხიანი განათლების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, მართვის სისტემა არის მკაცრად ცენტრალიზებული და არადემოკრატიული, სადაც კრიტიკული აზროვნება მიუღებელია.

ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ სტუდენტების მიერ არჩეული ორგანიზაციული ფორმა, რომელიც ეფუძნება თვითორგანიზების, თანასწორობისა და დემოკრატიულობის პრინციპებს არის მექანიზმი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეში, არამედ ყველა იმ საზოგადოებრივ ერთეულში, სადაც ძალაუფლება ცენტრალიზებულია, და დგას თვითმმართველობის განხორციელების რეალური პრობლემა, იქნება ეს ქალაქები, სოფლები, ორგანიზაციები თუ სხვა ერთეულები.

რადგან არსებული სისტემის ალტერნატივების ძიება არის საქმე, სადაც უნდა ჩაერთოს ყველა ადამიანი, ვისაც ამ ქვეყანაში რაიმეს შეცვლის სჯერა, ჩემი თავი ჩავთვალე მოვალედ არ დავრჩე ამ მოძრაობის პასიურ მხარდამჭერად, ჯგუფში აქტიური თანამონაწილეობის ნიშნად შევთავაზო სტუდენტებს კონკრეტული პროექტი, და მათთან ერთად გავიზიარო პასუხისმგებლობა ყველა შესაძლო პოზიტიურ თუ ნეგატიურ შედეგზე, რაც შეიძლება დადგეს ჩვენი აქტივობით. იმის შემდეგ, რაც ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტით რამოდენიმე სტუდენტი დაინტერესდა, ასევე მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის პატივია ასეთ ექსპერიმენტულ გარემოში მუშაობა.

რაც შეეხება თავად პროგრამის შინაარსს: დღეს სოციალური მეცნიერებების მიერ აღიარებულია, რომ კარტოგრაფიის პრაქტიკა მჭიდრო კავშირშია საზოგადოებაში არსებულ ძალაუფლების ფორმებთან და ურთიერთობებთან, ხოლო რუკებს გავლენა აქვს სოციალური ცხოვრების წარმოებასა და კვლავწარმოებაზე. ამ თეორიის მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ კარტოგრაფიის პრაქტიკის ორი ძირითადი ჯგუფი:

1. კარტოგრაფია, როგორც დადგენილი წესრიგირს ფარგლებში არსებული ემპირიული ცოდნის პროექციის პრაქტიკა. ასეთი პრაქტიკის პროდუქტი, არის რეალობის აღწერის პასიური მცდელობა, რომელიც არსებული რეალობის ლეგიტიმაციის, საზოგადოების კონტროლისა და მასზე დომინაციის ეფექტური საშუალებაა. ესაა რუკა, როგორც ძალაუფლების ენა.

2. კარტოგრაფია, როგორც არსებული რეალობის შეცვლის, ალტერნატივის წარმოჩენის კრეატიული პრაქტიკა. ასეთი პრაქტიკის პროდუქტი არის დაფარული რეალობის გამოვლენის, ახალი შესაძლებლობების განხორციელების, ჯერ არ არსებული რეალობის პროექციის ეფექტური საშუალება. ესაა რუკა, როგორც პროტესტის ენა.

ამ კონტექსტში საინტერესოა ალან ბადიუს მე-13 თეზისი მისი 15 თეზისიდან თანამედროვე ხელოვნებაზე. აქ იგი ამბობს: ”დღესდღეობით ხელოვნება შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საწყისი წერტილიდან, რომელიც, იმპერიის კონტექსტში, არ არსებობს. ხელოვნება თავისი აბსტრაქციის წყალობით ქმნის ხილვადს ამ არარსებობას. ეს არის, რაც მართავს ყოველგვარი ხელოვნების ფორმალურ პრინციპს - მცდელობა - გახადოს ყველასათვის ხილვადი ის რაც იმპერიისთვის არ არსებობს.”

აქედან გამომდინარეობს პროექტის სახელწოდებაც: ”კარტოგრაფია, როგორც არ არსებულის ხილულქმნის პრაქტიკა.”

დისკუსიების განმავლობაში მთავარი თემის კონტექსტში განხილვის საგანი გახდება საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები, მათი განმაპირობებელი მიზეზები და ამ ცვლილებების გამოხატულება სივრცეში; სივრცის აღქმა და რეპრეზენტაცია სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში; აქტივიზმი, როგორც რეალობის გარდაქმნის მცდელობა და ა.შ.

ლევან ასაბაშვილი

3 comments:

  1. დასწრება თავისუფალია? თუ ასეა, იქნებ წინასწარ გაგვაგებინოთ ლექციების დრო და ადგილი, სიამოვნებით დავესწრები.

    ReplyDelete
  2. ამ თემაზე ვხვდებით ყოველ ხუთშაბათს 5 საათზე აკადემიაში, სააქტო დარბაზის გვერდით სახელოსნოში. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუდენტებს:

    Facebook.com--ზე მოძებნეთ: ”თავისუფალი სახელოსნო”

    E-mail: tssats@gmail.com

    Tel: 879 011796 ბექა;
    898 934825 მარიამი;
    858 100794 ლევანი

    ReplyDelete