Sunday, 18 May 2014

ხუდონ ჰესის მშენებლობის და მისი მნიშვნელობის შესახებ On Building of Khudoni Hydropower Plant and its Meaning

შესავალი
ამ ტექსტის მიზანია, ხუდონ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არსებულ არგუმენტებს დაუმატოს ახალი არგუმენტები, სოციო-სივრცითი და ეკონომიკური პერსპექტივიდან. აქვე გვინდა ხუდონ ჰესის მშენებლობის მაგალითი გამოვიყენოთ უფრო ფართე პრობლემის საილუსტრაციოდ.

წინამდებარე მასალა არის ჩვენს მიერ წარმოებული კვლევის შედეგი. კვლევა მოიცავდა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ამ თემაზე გაკეთებული პუბლიკაციების და პრობლემისადმი მიძღვნილ საჯარო შეხვედრებზე სპეციალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების ანალიზს, ადგილობრივ მოსახლეობასთან, 80იანი წლებში ქვემო ქართლში ჩასახლებულ სვანებთან და აქტივისტებთან ინტერვიუებს, სოფელი ხაიშის განაშენიანებულ გარემოზე და სამეურნეო ცხოვრებაზე დაკვირვებას და სხვადასხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების ანალიზს.

ხაიში
სოფელი ხაიში მდებარეობს ბალსქვემო სვანეთში,[1] ზუგდიდი-მესტიის გზატკეცილზე, ამ ორ დასახლებულ პუნქტს შორის, შუა გზაზე, თითოეულიდან დაახლოვებით 70 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე. (სურ. 1)



სურ. 1 

50იან წლებამდე სოფელში ათამდე ოჯახი ცხოვრობდა. სოფლის გარშემო არსებული დიდი ტყის მასივისა და დასახლების ხელსაყრელი მდებარეობის გამო, ამ პერიოდში, აქ სატყეო მეურნეობა გაიხსნა. ამავე პერიოდში შეიქმნა და შემდგომ უფრო მეტად განვითარდა მეცხოველეობის ფერმა. ამ გარემოებებმა ხელი შეუწყო, დროთა განმავლობაში, სოფლის შემდგომ გამჭიდროვებას და მასში სხვადასხვა ფუნქციების (საავადმყოფო, აფთიაქი, ფოსტა, სახანძრო ბრიგადა, საგზაო მეურნეობა, სხვადასხვა დარგობრივი მაღაზიები და ბაზარი, სასადილო და.აშ) თავმოყრას (სურ. 2). დღეს სოფელში 200 ოჯახი ცხოვრობს, რაც დაახლოებით 750 ადამიანს შეადგენს. ამ ფაქტორების ზეგავლენით სოფ. ხაიში ჩამოყალიბდა, არა მხოლოდ ხაიშის თემის 20 სოფლის[2] (სურ. 3) ცენტრალურ დასახლებად, არამედ მთლიანად ბალსქვემო სვანეთისთვის შეიძინა საკვანძო ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა.


სურ. 2


სურ. 3

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ჩამოთვლილი ფუნქციებიდან ნაწილი მოიშალა, თუმცა სოფელი მეტნაკლებად, კვლავ ინარჩუნებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებს. (სურ. 2) ყოფილ საავადმყოფოში დღეს განთავსებულია ამბულატორია. მუშაობს საბავშვო ბაღი და სკოლა, რომელშიც 170 მოსწავლე სწავლობს და რომელთაგან 30% მიმდებარე სოფლებიდან დადის. სოფელს აქვს გამგეობა და პოლიციის განყოფილება. საგზაო სამმართველოს ადგილობრივი ერთეული კვლავ მოქმედებს, მუშაობს აფთიაქი, სურსათის მაღაზიები და კვების ობიექტები, არის მოქმედი ეკლესია. საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, აქაც იგძნობა პოსტსაბჭოთა კატაკლიზმებით გამოწვეული სამეურნეო დეგრადაცია. მეცხოველეობის ფერმა, სახანძრო ბრიგადა, ფოსტა, ძველი სასადილო, დარგობრივი მაღაზიები, ისევე როგორც ბაზარი, უკვე აღარ ფუნქციონირებს. სატყეო მეურნეობა განადგურებულია (მისი შენობა დღეს გამგეობას უკავია). მუშაობს მის ნარჩენებზე აღმოცენებული რამდენიმე კერძო სახერხი. ამის მიუხედავად, სოფელი კვლავ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და რჩება ხაიშის თემის და უფრო დიდი არეალის საკვანძო ცენტრად. აი რას ამბობს გეოგრაფი რომან მაისურაძე ამ საკითხის შესახებ: ” ფაქტობრივად ხაიში არის ბალს ქვედა სვანეთის და ბეჩოს ქვემოთ მდებარე ტერიტორიების (რომელიც მესტიას არის მოშორებული) გამაერთიანებელი, შემკრები, საკვანძო ცენტრი, რომელთანაც სოციალურად, ეკონომიკურად და არსებობით დაკავშირებულია (ამ არეალის) ყველა მოსახლე.” (წყარო) ამას ასევე ადასტურებს მიგრაციის დაბალი დონე. მაღალმთიანი სოფლებისგან განსხვავებით აქ მოსახლეობა უფრო მეტად რჩება ადგილზე, სოფელში თითქმის ვერ შეხვდებით მიტოვებულ სახლებს.

ეკონომიკური მახასიათებლები
დღეს სოფლის მოსახლეობას დასაქმების და შემოსავლის სამი ძირითადი წყარო აქვს. ესენია საბიუჯეტო ორგანიზაციები - გამგეობა, სკოლა, საბავშვო ბაღი და სხვა; ვაჭრობა - მაღაზიები, კვების ობიექტები; და სოფლის მეურნეობა - საოჯახო მეურნეობები. რამოდენიმე არსებული სახერხი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კერძო ხელშია, აქ დასაქმებულები კი, ძირითადად სამეგრელოდან ამოსული მუშები არიან. აქედან გამომდინარე, სახერხებს სოფლის მთლიან ეკონომიკაში დიდი წილი არ უკავიათ. მათგან შემოსული მოგება სოფლის მოსახლეობაზე თითქმის არ ნაწილდება. ეს სახერხები, ეკოლოგიური აკრძალვების გამო, დღეს უკვე ნახევრად ლეგალურად მუშაობენ და ამ ფორმით მათ არსებობას სამომავლო პერსპექტივა არ გააჩნია.

ვაჭრობის სფეროში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოფლის ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობას. ამ ფუნქციებით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა - თავად სოფელ ხაიშის, ხაიშის თემის და დანაჩენი ბალსქვედა სვანეთის სოფლებიდან, ასევე მესტიაში და სხვა ტურისტულ ადგილებში მიმავალი ან იქიდან დაბრუნებული ტურისტები. ასე რომ, აქ განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, საკმაოდ გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობს და ამ სფეროდან სოფელს საკმაოდ დიდი შემოსავალი რჩება. ამას მოწმობს ხაიშში სავაჭრო და კვების ობიექტების დიდი სიმრავლე. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო და კვების ობიექტები არ არის ცენტრალიზებული ერთეულების ხელში და შემოსავალი უფრო ბევრ ოჯახზე ნაწილდება. ხუდონჰესის მშენებლობით გამოწვეული გადასახლების შემთხვევაში დაიკარგება სტაბილური შემოსავლის ეს უმნიშვნელოვანესი წყარო.

ხაიშის თემის სოფლებისთვის, ისევე როგორც სოფ. ხაიშისთვის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი ტრადიციული ეკონომიკის დარგია. მაღალმთიანი სოფლებისგან განსხვავებით აქ ზომიერი კლიმატია, რაც მებაღეობის, მებოსტნეობის და მარცვლეული კულტურების (მაგ. სიმინდი) წარმოების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ სათემო სოფლის მეურნეობის სავარგულები ამისთვის დიდ საწარმოო შესაძლებლობებს იძლევა, დღეს ეს პოტენციალი ბოლომდე არ არის ათვისებული და ძირითადად საადგილმამულო ნაკვეთებზე, ოჯახისთვის სამყოფი რაოდენობებით შემოიფარგლება. უფრო ძლიერია მესაქონლეობა. ყველა ოჯახს ჰყავს ორი-სამი ძროხა, მაგრამ ასევე, არსებობს ძლიერი საოჯახო მეურნეობები რომლებიც ათეულობით საქონელს ფლობენ და ამ დარგზე სპეციალიზირდებიან. როგორც სხვა სოფლის მეურნეობის დარგებს, მესაქონლეობასაც უდიდესი გამოუყენებელი პოტენციალი გააჩნია. ხაიშიდან სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს კასლეთის საზაფხულო სავარგულები, (სურ. 4) რომელსაც ათასობით სული საქონლის გამოკვება და ასევე კარტოფილის წარმოებისთვის საჭირო მიწის რესურსებით უზრუნველყოფა შეუძლია. დღეს ამ რესურსის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია ათვისებული.

ისტორიული გარემოებების გამო, თავად სოფელ ხაიშში მიწა არათანაბრადაა განაწილებული. გაღმა ხაიშში, რომელსაც გამჭიდროვება თითქმის არ განუცდია (ენგურის მარჯვენა სანაპირო) ოჯახები მეტ მიწას ფლობენ და შესაბამისად უფრო ძლიერი მეურნეობები აქვთ. ზედა და ქვედა ხაიშში, სადაც განაშენიანების სიმჭიდროვე მაღალია, (ენგურის მარცხენა სანაპირო) მხოლოდ ძირძველი 3-4 ოჯახი ფლობს შედარებით დიდ მიწის ნაკვეთებს. (სურ. 5)


სურ. 4


სურ. 5

მთლიანად სვანეთში და მათ შორის, ხაიშის თემშიც, მიწის საკითხი ძალიან მწვავედ დგას. იმის გამო, რომ სვანეთში საუკუნეების მანძილზე არსებობს სათემო თუ საგვარეულო მიწის არაფორმალური საკუთრების ფორმა, ოჯახებს ბევრად მეტი მიწა აქვთ ფაქტობრივ, ვიდრე ლეგალურ საკუთრებაში. ამ ფორმის საკუთრებას წინა ხელისუფლების მოსვლამდე მეტნაკლები აღიარება ჰქონდა და შესაბამისად არ დამდგარა მისი რეგისტრაციის აუცილებლობა. მხოლოდ იმის შემდეგ რაც წინა ხელისუფლებამ დაიწყო დაურეგისტრირებელი ”სახელმწიფო” მიწებით სპეკულაცია, მოსახლეობისთვის აუცილებელი გახდა მიწების ლეგალიზება, მაგრამ ამ საჭიროებას ხელისუფლებამ მიწის რეგისტრაციის გართულებული მექანიზმი დაახვედრა, რომელიც დღესაც მუშაობს - თუ დასარეგისტრირებელ ნაკვეთზე არ დგას შენობა მისი საკუთრებაში დამტკიცება ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს პრობლემა საგვარეულო მიწებთან დაკავშირებით დგას. სათემო მიწის პრობლემის განხილვა საერთოდ არც დამდგარა დღის წესრიგში და ფაქტობრივად, სვანებმა სათემო, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყეები სახელმწიფოს გადააბარეს, რომელიც ადგილობრივ ტრადიციულ სოციალურ-სამეურნეო თავისებურებებს საერთოდ არ ითვალისწინებს.

კერძოდ ხაიშის თემში, საკითხს ამწვავებს წინა ხელისუფლების მიერ კომპანია ”ტრანსელექტრიკასთვის” (ხუდონჰესის კერძო ინვესტორი) 1 აშშ დოლარად, საკუთრებაში გადაცემული რამდენიმე ასეული ჰექტარი მიწა, რომლის ნაწილითაც ხაიშელები სარგებლობდნენ და დღესაც აგრძელებენ სარგებლობას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, იქნება ეს ”ტრანსელექტრიკას” მიერ გადაფარული მიწების შემთხვევა თუ ზოგადი კანონმდებლობით შექმნილი სირთულეები, ხუდონჰესის მშენებლობის გამო, ხაიშელების გადასახლების და მათთვის საკუთრების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადაცემის შემთხვევაში, ისინი ბევრად მეტ მიწას დაკარგავენ ვიდრე ეს ლეგალურ საბუთებში გამოჩნდება. მაგალითისთვის, ხაიშში არსებობს ოჯახები, რომლებსაც ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწის 1/5-იც კი არა აქვთ ლეგალურ საკუთრებაში. 

ხელისუფლების მხრიდან, ხუდონ ჰესის მშენებლობის საკითხზე საუბარი მიმდინარეობს მხოლოდ ტექნიკურ კონტექსტში - გვპირდებიან ადგილობრივებისთვის სათანადო ფინანსური ანაზღაურების გადაცემას და ეკოლოგიის კუთხით - გვარწმუნებენ, რომ ხუდონჰესიდან მიღებული მოგება გადააჭარბებს ეკოსისტემაზე მიყენებულ ზარალს. ამგვარად, საკითხი მოქცეულია ვიწროდ ტექნიკურ ჩარჩოში, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ფინანსურ მაჩვენებლებზე. იმის მიუხედავად, რომ მათი ეს არგუმენტები გაბათილებულია ალტერნატიული კვლევებით, საკითხისადმი ხელისუფლების ესეთი მიდგომა სრულიად ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ მმართველი პოლიტიკური ძალების მერკანტილურ ბუნებას, მათში პოლიტიკურობის დაბალ ხარისხს და სოციალური მგრძნობელობის არ არსებობას. ჰესის მომგებიან-არმომგებიანობაზე დავისას, განხილვის გარეშე რჩება ის სოციალურ-სივრცითი, მიკროეკონომიკური და დემოგრაფიული შედეგები რაც მის მშენებლობას მოჰყვება.

მოსალოდნელი შედეგები
ამ თვალსაზრისით, პროექტს სულ მცირე სამ დონეზე ექნება უარყოფითი გავლენა. ეს არის ლოკალური - კონკრეტულად ის სოფლები, რომლებიც იტბორება, სათემო - ხაიშის თემის ის სოფლები, რომლებიც არ იტბორება, მაგრამ პროექტის განხორციელებით პირდაპირი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან (სურ. 6) და რეგიონული - მთლიანად ბალსქვედა სვანეთის სოფლები, რომლებზეც გავლენას იქონიებს სოფ. ხაიშის გაქრობა.


სურ. 6

უშუალოდ ჰესის წყლის სარკე სამ სოფელს ფარავს, ესენია ლაჯრა, ხაიში და ლუხი. ზემოთ ნახსენები გარემოებები საკმარისი იქნება კონკრეტულად ამ სოფლების მოსახლეობაზე მისაყენებელი ზარალის წარმოსადგენად.

ამას ემატება მოსალოდნელი ფსიქო-სოციალური და ფიზიოლოგიური პრობლემები, რაც რურალური ფსიქო-სოციალური და ბიოლოგიური ტიპის ადამიანების მიერ ტრადიციული საცხოვრებელი გარემოს უეცარ და არანებაყოფილობით დატოვებას მოჰყვება. ამ შემთხვევაში სვანეთი განსაკუთრებულია, რადგან აქ ჯერ კიდევ მძლავრია გვაროვნული საზოგადოებრივი წყობის ელემენტები, გააჩნიათ ძლიერი კულტურული იდენტობა და განსაკუთრებულ ბუნებრივ პირობებში ცხოვრობენ. ხაზს ვუსვამთ - რურალური და არა ურბანული, რადგან ამ ორ ტიპს შორის განსხვავება ძალიან დიდია. ხელისუფლების ის არგუმენტი, რომ ისინი შესაძლებელია სვანეთის ფარგლებში ჩაასახლონ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რადგან სვანეთში, საცხოვრებლად ვარგისი ტერიტორიები უკვე საუკუნეების წინ შეივსო. სოციალურად, ისევე, როგორც სამეურნეო თვალსაზრისით ეს წარმოუდგენელი განზრახვაა. ამას ისიც მოწმობს, რომ დღემდე მთავრობას არანაირი განსახლების გეგმა არ წარმოუდგენია. საუბარია მხოლოდ ფინანსურ ანაზღაურებაზე.

შესაბამისად, მინიმუმ დასატბორი სამი სოფლის მოსახლეობას ბარში მოუწევს გადაბარგება. 1980იანი წლების ბოლოს, ხაიშელების და სვანეთის სხვა სოფლების ბარში გადასახლებას რა შედეგები მოჰყვა, ძალიან ადვილი შესამოწმებელია, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ხაიშში და ქვემო ქართლში არსებული სხვა სვანების კომპაქტურ დასახლებებში. ამ დასახლებებში სახეზეა სოციალური დეზინტეგრაცია - აღარ მუშაობს თემის კოლექტიური ინსტიტუტები, მოსახლეობაში ხშირია ფსიქოლოგიური აშლილობები, ალკოჰოლიზმი, დეპრესია და კლიმატთან ვერ შეგუების გამო გამოწვეული ფიზიოლოგიური პრობლემები. აქვე შეგვიძლია შევამოწმოთ ხელისუფლების გრძელვადიანი პოლიტიკა მიგრანტების მიმართ. თეთრი წყაროს ხაიშის ძირითადი სასოფლო სამეურნეო და საძოვარი მიწები კერძო ბიზნესმენებზე გაიყიდა, რამაც სოფელს არსებობის ყველანაირი ბაზისი გამოაცალა. სოფელს არა აქვს სასმელი წყალი, ყოველ წელს იხოცება პირუტყვი და არავინაა ისეთი, ვინც შეამოწმებდა ამის მიზეზებს და ა.შ. მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ადგილობრივი მთავრობა არ ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას.

დავუბრუნდეთ ისევ სვანეთს. დატბორვის შემთხვევაში ხაიშის თემის სხვა სოფლები: მდ. ხაიშურას და კასლეთის ხეობებში მდებარე წირმინდი, ზედა წირმინდი, ვედი, ზედა ვედი და ნაკი რჩებიან წყლით შემოფარგლულ ჩიხში. დანარჩენები კი გზას გამოკიდებული, ყველანაირი სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების გარეშე, რაც დღეს მათთვის სამეურნეო და ინფრასტრუქტურულ ცენტრში - სოფ. ხაიშში მოიპოვება. საგულისხმოა, რომ მთავრობის სქემაში ამ სოფლების მცხოვრებთათვის კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის.

სასიცოცხლოდ აუცილებელი ცენტრის გარეშე რჩება, ჭუბერის ხეობა, რომელიც იქვე ხაიშიდან ორიოდე კილომეტრში გამოდის მდ. ენგურზე და მთლიანად ბალსქვემო სვანეთი.

სოციალური და ეკონომიკური ცენტრის გაქრობა აუცილებლად ხელს შეუწყობს პირველ რიგში, ხაიშის თემის სოფლების, შემდგომ ჭუბერის თემის და ბოლოს, ხაიშზე დამოკიდებული ბალსქვემო სვანეთის სოფლების დეპოპულაციის გააქტიურებას. განსაკუთრებით საგანგაშოა ჭუბერის თემის საკითხი, რადგან ჭუბერის ხეობა მდ. ენგურის მარჯვენა სანაპიროდან, ჩრდილოეთით, აფხაზეთის საზღვრის გასწვრივ, მის მომიჯნავედაა განფენილი. სხვა, მსგავსი გამოცდილებები წარსულიდან საკმარისი უნდა იყოს იმის განსაჭვრეტად თუ რა შეიძლება მოჰყვეს ხეობის მოსახლეობისგან დაცლას. ხაიშის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მდებარეობას ადასტურებს სვანეთის ტოპოგრაფიული სურათიც (სურ. 7). სოფ. ხაიში მდებარეობს 5 ხეობის თავშეყრის ადგილას და შესაბამისად, მისი დატბორვა ამ ხეობების ერთმანეთისგან იზოლაციასაც ნიშნავს.

ხუდონ ჰესის მშენებლობის შემდეგ ენგურზე კიდევ რამდენიმე ჰესის მშენებლობა იგეგმება. (სურ. 8) ჰესების კასკადი თითქმის ბალის უღელტეხილამდე აღწევს. ასეთი მასშტაბის მშენებლობა საბოლოოდ გაანადგურებს ამ რეგიონის ეკოლოგიურ თუ სოციალურ ინფრასტრუქტურას.


სურ. 7


სურ. 8

პრობლემატიკა ფართე ჭრილში
ჩვენს მიერ მოყვანილი არგუმენტები მხოლოდ ნაწილია არგუმენტების იმ ფართე სპექტრისა, რაც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არსებობს და ყველა, სოციალური თუ ეკონომიკური განვითარების საკითხებში მეტ-ნაკლებად გაცნობიერებულ ადამიანს აჩვენებს ამ პროექტის ფუნდამენტურ აფსურდულობას. აქ წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს: ჰესი კერძო ინვესტიციით შენდება და კერძო მფლობელობაში უნდა დარჩეს განუსაზღვრელი დროით; ხელშეკრულების მიხედვით, გამომუშავებული ენერგიის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე უნდა გავიდეს; ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რაც აღნიშნული ჰესიდან საქართველოს ერთი წლის მანძილზე მიეწოდება, ქვეყანას მხოლოდ 9 დღე ყოფნის; ხუდონჰესიდან მოწოდებული ელექტროეერგიის ფასი სხვა ჰესებიდან მიღებულ ენერგიაზე 8-9ჯერ მაღალი იქნება; 20 წლის განმავლობაში ჰესი არ გადაიხდის მოგების გადასახადს და დანარჩენი გადასახადებიც მიზერული იქნება; ჰესისთვის საჭირო ენერგოგადამცემები სახელმწიფომ, საკუთარი თანხებით უნდა ააშენოს; არ არსებობს კანონით აუცილებელი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და ა.შ. (წყარო: მწვანე ალტერნატივა).

საგულისხმოა, რომ ამ პროექტის გაუმართლებლობაზე, წინასაარჩევნოდ ხაიშში სტუმრობისას, თავად იმ დროს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილიც საუბრობდა. გთავაზობთ ამონარიდს მისი ვიდეოინტერვიუდან: ”მე მგონი, რომ ესე იოლად და მარტივად არ უნდა წყდებოდეს ჰესების მშენებლობა. უნდა ხდებოდეს მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში. ყველა მოსახლე უნდა ჩაერიოს და ჩაერთოს. უნდა გავიგოთ პლიუსიც და მინუსიც. სასწაული არ ხდება, როგორც წესი, პლიუსებს გარკვეული მინუსებიც ახლავს და ხშირ შემთხვევაში იმდენად არღვევს ეკოლოგიას რომ აზრს კარგავს ყოველგვარი მშენებლობა. ალბათ უმეტეს შემთხვევაში კარგი იქნება მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა, რომლებიც შედარებით ნაკლებ ზარალს აყენებენ ეკოლოგიას. ჩვენ გვაქვს უნიკალური მთა, ულამაზესი ადგილები, აქ ისტორიულად და ანტიკური ხანიდან ცხოვრობენ სვანები და ეს არის ისტორიული ადგილები, რომლებსაც აუცილებლად უნდა შენახვა, მოფერება და მოვლა, და არა განადგურება ერთი ჰესის აშენებისთვის და არა სოფლების ჩაძირვა” (წყარო).

ხუდონ ჰესის მაგალითი ძალიან კარგი ილუსტრაციაა იმ ზოგადი მდგომარეობისა, რაც პოსტ საბჭოთა ქვეყნებში არსებობს, სადაც კერძო კაპიტალი აბსოლუტურ უპირატესობას ფლობს ადგილობრივი თემის თუ ზოგადად, საჯარო ინტერესებთან მიმართებაში. ასეთ მდგომარეობას ამყარებს ლიბერტარიანული ეკონომიკური დოგმები, რაც წლების განმავლობაში ეჭვგარეშე ჭეშმარიტებებად იქცა და რღმად გაიდგა ფესვები სახელმწიფო ეკონომიკურ მმართველობით სტრუქტურებში, აკადემიურ წრეებსა თუ სხვა ელიტარულ დაწესებულებებში.

ის სტრატეგიები და მექანიზმები, რომლითაც წინა და არსებული ხელისუფლება ცდილობს ჰესის პროექტის განხორციელებას ასევე კლასიკური მაგალითია სახელმწიფოს ხელშეწყობით, კერძო ინვესტორის მიერ უუფლებოთა მცირედი ქონების და საჯარო სიკეთეების ძარცვის ხარჯზე მიღებული მაღალი მოგებისა. ”აკუმულაცია ექსპროპრიაციით”, ასე იხსენიებს ამ სიმპტომს ბრიტანელ-ამერიკელი გეოგრაფი დევიდ ჰარვი.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ”ქართული ოცნება” ევროპის სოციალ-დემოკრატიულ ალიანსს მიუერთდა და აცხადებს სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებთან მისი პოლიტიკური მრწამსის სიახლოვეს, ხუდონ ჰესის პროექტთან მიმართებით მისი განხორციელებული პოლიტიკა ნეოლიბერალიზმის საუკეთესო ტრადიციებში ჯდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი ტენდენცია მარტო ჩვენთან არ შეიმჩნევა და თავად ევროპაშიც, სოციალ-დემოკრატიული პარტიები ხშირად ნეოლიბერალურ პოლიტიკურ ლოგიკას ვერ ცდებიან, რაც თავის მხრივ, უფრო ღრმა კრიზისზე უნდა მიანიშნებდეს.

ხუდონ ჰესის შემთხვევაში, ხელისუფლება პირდაპირ აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოებულ დანაშაულებრივ პოლიტიკას. საგულისხმოა, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისი არაა და მსგავსი მაგალითები სხვა სფეროებშიც მრავლად გვხვდება, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, ურბანული, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკული, ბუნებრივი რესურსების მართვის, სამრეწველო თუ სხვა. ეს საერთო ლოგიკის მქონე ყველა პრობლემა კი ერთ წერტილში იყრის თავს და ნათლად გვიჩვენებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ცალსახად განსაზღვრულია კერძო კაპიტალის ინტერესებით. ზუსტად აქედან გამომდინარეობს მმართველი პარტიის პოლიტიკური უპრინციპობა, ქვეყნის მისეული განვითარების ხედვის ანალოგიურობა წინა ხელისუფლების ხედვებთან, ყველანაირ კომპლექსურ დაგეგმვაზე უარის თქმა, დასახული მიზნების გარდაუვალობის რიტორიკა და ა.შ.

განვითარების ხედვა
განვითარების რეალურად სოციალ-დემოკრატიული მოდელი კი, რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება. ის დაფუძნებულია კომპლექსურ დაგეგმარებაზე და გადაუდებელი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის მკაფიო განსაზღვრაზე. ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლებამ ეს არ იცის. ამას ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის მიერ, წინასაარჩევნოდ, ხაიშში მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული იდეებიც: ”აუცილებლად სოფელს უნდა ყავდეს ბაღი, დედას უნდა შეეძლოს თავისუფლად სამსახურის შოვნაც და თავისუფლად უნდა შეეძლოს მოძრაობა. ეს იქნება მხოლოდ საფუძველი სოფელში დამაგრების. სხვანაირად სოფლები იცლება. კარგად მოგეხსენებათ რამდენი სოფელია უკვე დაცლილი და რამდენი ხალხი გავიდა. ბაღიც უნდა იყოს, სკოლაც უნდა იყოს, საავადმყოფოც უნდა იყოს, ელემენტარული მკურნალობის საშუალება უნდა იყოს. უნდა იყოს ელემენტარული პირობები ჯანდაცვის. ამავდროულად რაღაც მცირე და საშუალო საწარმოები უნდა გაიხსნას, აქ გადამამუშავებელი, რომ ადამიანს შეეძლოს დასაქმება. თუ გნებავთ, თუ მესაქონლეობაა ძირითადი, იგივე ხორცის გადამამუშავებელი რაღაც საწარმო, რომ შეიძლებოდეს ჩაბარება და რეალიზება ყველაფრის ამისა. ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა გავამძლავროთ. არავინ არ იცის თქვენზე კარგად რა სჭირდება აქაურობას და თქვენ უნდა შეგეძლოთ მართოთ და განკარგოთ თქვენი ბედი, თქვენი კუთხის.” (წყარო).

მართლაც, დღეს ხაიშს სხვა მიმართულებით განვითარება სჭირდება: საჭიროა აქ არსებული ფუნქციების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება, რათა სოფელმა უკეთესად შეძლოს თავისი ცენტრალური როლის შესრულება და ხელი შეუწყოს ბალსქვემო სვანეთში ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას. უდიდეს პოტენციალი გააჩნია სოფლის მეურნეობის დარგებს, როგორც მეცხოველეობას, ასევე მებოსტნეობას და მებაღეობას. სოფლის მეურნეობის ნედლეულის და ხე-ტყის რესურსების გონივრულად, ადგილზე დამუშავებისთვის კი აუცილებელია ადგილობრივი მსუბუქი მრეწველობის განვითარება. ეს მცნებები, თავისთავად ჯერ კიდევ არაფერს ამბობს იმ ალტერნატივაზე, რაც განვითარების ასეთი მოდელის ღერძი უნდა იყოს. ვგულისხმობთ საწარმოო მეურნეობის სოციალურად სამართლიანი ეკონომიკის პრინციპებით დაგეგმარებას და განხორციელებას, სადაც კოოპერატიულ საწარმოო მოდელს ცენტრალური ადგილი უკავია. ამისთვის სვანეთი და მისი ადგილობრივი სათემო ტრადიციები უნიკალურ სოციალურ გარემოს ქმნის.

ბოლოს
ხუდონ ჰესის შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს, რომ დაპირებების თუ შერბილებული სოციალური პოლიტიკის მიუხედავად, არსებული ხელისუფლების მიზნებში არ შედის სამართლიანი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. სხვა მაგალითებთან პარალელების გავლებით კი ნათელია, რომ ძირითადი პრობლემა ერთია და სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა ფორმით ვლინდება, ეს არის ერთის მხრივ, კერძო კაპიტალი, მისი უსაზღვროდ მზარდი ინტერესებით და მეორეს მხრივ, პოლიტიკურად უსუსური მთავრობა.

ხუდონის მაგალითზე და სხვა მსგავს შემთხვევებშიც, წინააღმდეგობის მოძრაობის პოზიცია თავდაცვითია. ასეთ პირობებში კი, სტატუს კვო შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ისმის კითხვა, რა სტრატეგიით უნდა ვიმოქმედოთ, თუ გვინდა რომ რეალურ შედეგებს მივაღწიოთ?

[1] ზემო სვანეთის ის ნაწილი, რომელიც ბალის ქედის ქვემოთ მდებარეობს. ბალის ქედი იყო ისტორიული საზღვარი ბალსქვემო ანუ სადადიშქელიანო სვანეთსა და ბალსზემო ანუ თავისუფალ სვანეთს შორის. დღეს ბალსქვემო სვანეთი აერთიანებს 9 თემს, სადაც უხეში დათვლით 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს )

[2] სულ ხაიშის თემი 1150 ადამიანისგან შედგება

6 comments:

  1. არ გრცხვენიათ 2 დღიან დაკვირვებას კვლევას რომ ეძახით?
    ნუ ასულელებთ იმ ხალხს რა - სირცხვილია!
    რაღაც ხორცის საწარმო უნდა აშენდესო, რომ ამბობთ - რას ნიშნავს ეს? რაღაცაში რას გულისხმობთ?

    ReplyDelete
    Replies
    1. კარგად წაიკითხეთ რა წერია მანდ და ვინ რას ამბობს. ორი დღე ადგილზე, სოფლის განაშენიანების კვლევას მოვანდომეთ, რაც ინტერვიუებთან ერთად სრულიად საკმარისია. ცოტა გაუგებარდ წერია მართალია, ისე კვლევა მოიცავს მრავალ სპეციალისტთან საუბარს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს, გადასახლებული ხაიშელებთან საუბარს, პუბლიკაციების ანალიზს, თემისთვის მიძღვნილ საჯარო შეხვედრებზე დასწრებას, სხვადასხვა ანალიტიკური დოკუმენტების გაცნობას და ა,შ. მაგას ჩავამატებთ )

      Delete
    2. არ გრცხვენიათ სტატიის თვალის გადავლებას წაკითხვას რომ ეძახით? ვერ გაგირჩევიათ სად ციტირებაა და სად ნარატივი. სირცხვილია მართლა. ჰუდონჰესზე ასეთი ყოვლისმომცველი და საფუძვლიანი ანალიზი არსად არაფერი დაწერილა. მადლობა ავტორებს

      Delete
    3. არაადექვატური ხარ(თ)

      Delete
  2. მშვენიერია!

    ReplyDelete
  3. გიორგი28 May 2014 at 03:40

    200 ოჯახიო, რაარის ორასი ოჯახი როდესაც მთელი დედამიწა ნვითარდება და ჰიდროელექტროსადგური ყველაზე სასარგებლო დენის მიღების წყაროა რომელიც არათუ აბინძურებს გარემოს არამედ აყვავებს მას, ბრაზილიასა და პარაგვაის საზღვარზე ააშენეს ერთერთი უდიდესი კაშხალი/სადგური თავიდან 10 000 ადამიანი იყო და დღეს იქ მთელი ქალაქია მილიონამდე მაცხოვრებლით, საიდან მოიტანეთ რომ სვანეთში ამოიწურა საცხოვრები ფართობი სისულელე არაა ამის დაწერა? სვანურ მენტალიტეტს რაც შეეხება რომ ამბობთ ბარში ჩამოსულებს დეპრესია შეენიშნებათ და ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილებაო - მთელ საქართველოს აღენიშნება ალკოჰოლისადმი მიდრეკილება და ამას დეპრესია კიარ იწვევს არამედ დროის ტარების სიყვარული და სუფრის ტრადიცია. რაც შეეხება დეპრესიას ეს ზოგადად უფულობით არის გამოწვეული საქართველოში და ეს ჰესი მიმართულია სწორედ ეკონომიკური ზრდისთვის.

    საჭიროა ნორმალური კონპენსაცია ამ ოჯახებისთვის და უარზე კიარა იქით შეეხვეწებიან ააშენეთ კაშხალიო, და კიდევ გასარკვევია ვინ აშენებს და როგორ და ასევე როდიდან დაიწყება ფულის საქართველოს ბიუჯეტში შესვლა (არვიცი გაყიდულია რამდენიმე წლით თუ როგორ არის) ანუ პრობლემა არის ის რომ რასაც აკეთებენ კარგად გააკეთონ და არა ეს 200 ოჯახი.

    რო ვნახე ფართობები და შევადარე ზოგადად სვანეთს გამოდის რო რაღაც 1% ფართობის იტბორება და არა როგორც უმეტესობას გონია ნახევარი სვანეთი.
    წყალსაცავების გარშემო თევზის მეურნეობა ვითარდება, კურორტები, წყალი არის სასიცოცხლო ენერგია და თუ კარგად იზავენ და დაიცავენ ყველა წესებს მაგაზე კარგი რაიქნება.

    მზის ენერგიაო არმითხრათ რადგან საქართველო შორს არის ეკვატორისგან და ისედაც არ არის ბევრი მზიანი საათები, საკუთარ ხარჯებს 30 წელი ვერ ამოიღებს. ისეთი ქვეყნები ვინც მზის ენერგიას იყენებს მაგალითად ინგლისი, ამას შვება იმიტომ რომ მათ მთლიანად აქვთ გამოყენებული ჰიდრო რესურსი და არც ეკონომიკააქვთ გადასარჩენი.

    ReplyDelete