Friday, 30 May 2014

ნარკოპოლიტიკის ფორმულის ძიებაში / In Search of Drug Policy's Formula



სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი ნარკოპოლიტიკის შემუშავების მთავარი გამომწვევი მიზეზი, გამკაცრებამდე არსებული, მძიმე ნარკოტიკების მოხმარების ექსტრემალურად მაღალი მაჩვენებელია, რომელმაც მიღებული ზომების შემდეგ უმოკლეს ვადაში დაიწია და ზედაპირზე თითქოს ყველაფერი მოწესრიგდა. მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ სიმკაცრე ზოგადად შემუშავებული მიდგომის ერთგვარი გაგრძელებაა. ამ თემაზე ფიქრისას ჩემი ინტერესის საგანია მკაცრი პოლიტიკის შემუშავების მიზეზების ახსნა, ასეთი მიდგომის ეთიკური მხარის დანახვა და მისი ფართე პოლიტიკურ კონტექსტში მოთავსება.

ადვილია იმის ემპირიულად დასაბუთება, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მაღალი დონე არის საზოგადოებაში არსებული ღრმა სოციალური, კულტურული და ეკონომიკური პრობლემების და ამ პრობლემების გადაჯაჭვულობის შედეგი. შევეცდები მათაგან რამდენიმე დავასახელო: აგრესიული საბაზრო ეკონომიკით და სოციალური დაცვის არ არასებობით გამოწვეული უპერსპექტივობა და მით უფრო, უპერსპექტივობის განცდა; კონკურენტულ, სამომხმარებლო საზოგადოებაში კულტურული თუ სამეურნეო თვითრეალიზაციის შესაძლებლობების სიმწირე; უმუშევრობა და ამ მდგომარეობიდან წამოსული ყოველდღიურობის მიმართ პროტესტი; აგრესიული საბანკო-საკრედიტო სისტემის შედეგად მიყენებული ეკონომიკური და მორალური შოკი; სოციალური უთანასწორობა; პატრიარქალურ კულტურაში, ოჯახში, ქუჩაში თუ ინსტიტუციებში მიღებული კულტურული ორიენტირები და სტრესები, ყალბი ცნობიერება, განათლების დაბალი ხელმისაწვდომობა და მდარე ხარისხი; და მრავალი სხვა.

მკაცრი ნარკოპოლიტიკა არის ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემების მიჩქმალვის, მძიმე სოციალური ფონის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულების ჩახშობის ინსტრუმენტი. ეს იგივეა, დეგრადირებული ქალაქის რეაბილიტაციისას მთავარი ქუჩების ფასადები გავარემონტოთ ან პოლიციელების ჰუმანურობის ილუზიის შესაქმნელად ისინი გამჭვირვალე შენობებში მოვათავსოთ. ეს იგივეა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციის დასამტკიცებლად ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოები ტერიტორიულად გავფანტოთ ან ეკონომიკის ზრდაზე საუბრისას მხოლოდ მშპ მაჩვენებელი მოვიყვანოთ და ინფლაციის დონე და ჯინის ინდექსი ყურადღების მიღმა დავტოვოთ და ა.შ.

მეტიც, მკაცრი ნარკოპოლიტიკა კლასობრივი ექსპლუატაციის და სტატუს ქვოს შენარჩუნების მძლავრი ინსტრუმენტია. ჯარიმები მოხმარებისთვის, საპროცესო გარიგებების საფასური და ახლობლების ციხეში შენახვის ხარჯები დაბალშემოსავლიანი ადამიანების და მათი ოჯახების მძიმე ეკონომიკურ პირობებს კიდევ უფრო ამძიმებს და გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს. ამას ჯაჭვური რეაქციით ისევ მოყვება ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, ძალადობა და ციხე.

ასეთი პოლიტიკით სახელმწიფო პრობლემების ძირეულად მოგვარებას თავს არიდებს და ცდილობს მომაკვდინებელი შინაგანი დაავადების დასამალად მისი გარეგანი გამოხატულებები მექანიკურად ალაგმოს.

სოლიდარობა უსამართლოდ დასჯილ ადამიანებს!

სოლიდარობა ბექა წიქარიშვილს !

1 comment: