Thursday, 28 July 2016

თარგმანების კრებული ”ქალაქი - კრიტიკული შესავალი”


აქ შეგძლიათ გადმოტვირთოთ ჩვენს მიერ 2014 წელს გამოცემული თარგმანების კრებულის ”ქალაქი - კრიტიკული შესავალი”-ს 

ელექტრონული ვერსია

აქვე გთავაზობთ კრებულის წინასიტყვაობას 



ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველოში ურბანული პრობლემების მიმართ კრიტიკული მგრძნობელობა საკმაოდ გაიზარდა. ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ედოს საფუძვლად: კაპიტალისტური ურბანიზაციისათვის დამახასიათებელი ნიშნების კრისტალიზაცია, ხელისუფლების უუნარობა გადაჭრას ელემენტარული ურბანული პრობლემები, ზოგადად, ”სამოქალაქო საზოგადოების” გააქტიურება და სხვა. ამის მიუხედავად, სხვადასხვა აქტივისტურ ჯგუფებში, მედიაში, აკადემიასა თუ პოლიტიკურ წრეებში ქალაქზე, და, უფრო ზოგადად, განაშენიანებულ გარემოზე რეფლექსია ხშირად ზედაპირულ დონეზე მიმდინარეობს. საპროტესტო კამპანიის პირობებში საკითხების პრობლემატიზაციისას თუ სხვადასხვა სივრცეში ურბანულ თემატიკაზე შემდგარი დისკუსიების პირობებში, ქალაქის, როგორც კომპლექსური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციო-სივრცითი მთლიანობის გააზრება ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, ხშირად, დისკუსია კონკრეტულ, იზოლირებულ საკითხებს ვერ სცილდება და ვერ ახერხებს მათი  პოლიტეკონომიური განმაპირობებლების კრიტიკულ წვდომას. ასეთი საკითხები შეიძლება იყოს ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ან/და მწვანე საფარის ფიზიკური შენარჩუნება, ტრანსპორტთან და ფეხით მოსიარულეებთან დაკავშირებული პრობლემები,  უხეში ჩარევები ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოში და სხვა.

თავისთავად, ზემოთ აღნიშნული პრობლემები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქების სოციალურად და ეკონომიკურად სამართლიანი განვითარებისათვის, მაგრამ პრობლემატიზაციის ის ხარისხი, რომლითაც მათ საჯარო სივრცეში წარმოადგენენ დაინტერესებული ჯგუფები თუ ინდივიდები, რბილად რომ ვთქვათ, უაღრესად ნაივურია. ასეთი ზედაპირული მიდგომითა და საკითხების ფართო კონტექსტიდან გამოცალკევებით კი ძნელი წარმოსადგენია რაიმე ფასეული შედეგის მიღწევა.

ამას გარდა, არსებული დომინანტური ურბანული დისკურსის ცენტრალური თემები მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ ღრმა პრობლემატიკისა, რომელიც დღეს ჩვენს ქალაქებში დგას. ეს დისკურსი ფარავს მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც აქაურ ლიბერალურ ურბანულ საშუალო კლასს აწუხებს და შესაბამისად მათი პრობლემატიზაციაც ამ  თავსმოხვეულ დისკურსულ ჩარჩოში ხორციელდება - ფარგმენტულად, ზედაპირულად და კონტექსტიდან იზოლირებულად. თითქმის არავინ საუბრობს ქალაქებში არსებულ ღია  სოციალურ უთანასწორობასა და შესაბამისად, კლასობრივ და სივრცით სეგრეგაციაზე, ცენტრებსა და პერიფერიებს შორის არსებულ დაძაბულობაზე, ურბანული პროლეტარიატის პირობებზე, მუნიციპალური რესურსების გადანაწილების საკითხებზე, რეალობასთან შეუსაბამო საგადასახადო პოლიტიკაზე, ქალაქების ეკონომიკური თუ სოციალური ადმინისტრირების პოსტმოდერნულ ლოგიკაზე და ა.შ.

პრობლემატური საკითხებისადმი დამოკიდებულების ასეთი ფორმები სულაც არ გვხვდება მხოლოდ ურბანული თემების განხილვისას. მსგავსი მიდგომები დღეს არსებულ ჰეგემონურ ინტელექტუალურ დისკურსში ინიცირებული ზოგადი ტენდენციის ნაწილია. ამას კი, თავის მხრივ, უფრო ღრმა გლობალური თუ ლოკალური ისტორიული განმაპირობებლები უდევს  საფუძვლად: ერთის მხრივ, გვიან და პოსტსაბჭოთა ყოვლისმომცველი რეაქციული ტალღა, ხოლო მეორეს მხრივ გლობალური მასშტაბის ნეოლიბერალური ჰეგემონია, რომელსაც სხვა კონტექსტებთან შედარებით პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში ნოყიერი ნიადაგი დახვდა და ადვილად შეერწყა გვიან საბჭოთა არაოფიციალურ დოქტრინებს.

ამას ემატება ანტისაბჭოთა რეაქციის შედეგად საბჭოთა პერიოდში დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სრული უარყოფა, რომელიც, მართალია, კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში საკმაოდ დოგმატური და დანაწევრებული გახდა, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი ანგარიშგასაწევ პრაქტიკულ და თეორიულ პოტენციალსაც ატარებდა (განსაკუთრებით ადრეული პერიოდის ნაშრომები), და, კრიტიკულად გადააზრების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა როგორც  წლობით დაგროვილი გამოცდილების უწყვეტობას, ისე  მის გამოყენებას ახალ პირობებში. საბჭოთა ცოდნის უარყოფის ფონზე, დომინანტურ ინტელექტუალურ წრეებში დღესაც ძლიერია რეაქცია საერთაშორისოდ აღიარებული მემარცხენე თეორეტიკოსების მიმართ, რომლებიც ცდილობენ ბოლო რამდენიმე დეკადის მანძილზე გაბატონებული ლიბერალური ეპისტემოლოგიური ტრადიციის კრიტიკულ გადააზრებას და უნიტარული თეორიის იდეის გააქტიურებას. თუმცა, პოლიტიკური პერსპექტივიდან ეს მდგომარეობა საკმაოდ ლოგიკურია. დღევანდელი ინტელექტუალური გარემო აშკარად მოხიბლულია ცოდნის ფრაგმენტაციის პოსტმოდერნული იდეით, სადაც სხვადასხვა საკითხების ანალიზისას ან პრობლემატიზაციისას შეუძლებელი ხდება რაიმე სახის გამაერთიანებელ თეორიაზე დაყრდნობა.

იმავე სირთულეს ვაწყდებით ურბანულ პრობლემებზე მსჯელობისას - საკითხები განიხილება ფრაგმენტულად, ზედაპირულად და საერთო პოლიტეკონომიური კონტექსტიდან იზოლირებულად. ჩვენი აზრით კი, თავისი კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, ქალაქის ფენომენის კრიტიკული გააზრება უნიტარული თეორიული ბაზის გარეშე შეუძლებელი ამოცანაა.

წინამდებარე თარგმანების კრებულის გამოცემით ჩვენი მიზანია მცირედი წვლილი შევიტანოთ ურბანულ დისკურსში წარმოქმნილი ამ ვაკუუმის შევსების საქმეში. ცხადია, კრებულში შესული ტექსტები არ არის საკმარისი საგანზე რაიმე სახის ამომწურავი ცოდნის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ისინი მეტ-ნაკლებად კარგ სამსახურს გაუწევენ მკითხველს, გაეცნოს ურბანულ თუ სხვა სოციალურ  საკითხებზე კრიტიკული მსჯელობის სხვადასხვა დროის საუკეთესო მაგალითებს. 

No comments:

Post a Comment