Tuesday, 3 April 2018

რატომ გვჭირდება სხვანაირი გენგეგმა?














28 მარტს, თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, ჟურნალ ლიბერალში გამოაქვეყნა სტატია, ”რატომ გვჭირდება გენგეგმა”, სადაც მისთვის ჩვეული ზედაპირულობით და პროვოკაციულობით ასაბუთებს ახალიგენგეგმისმიღების აუცილებლობას და დოკუმენტის დახარვეზების გამო  მერიას კორუფციაში სდებს ბრალს. ქვემოთ, შევეცდები, მისივე არგუმენტების მიხედვით ვაჩვენო, რომ ახალი გენგეგმა მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის გაგრძელებაა და შინაარსობრივად ახალს არაფერს გვთავაზობს.

ელისაშვილის წარმოდგენით, 25 წლიანი ურბანული ქაოსი გენგეგმის არ არსებობის გამო იყო. ალბათ, პატარა ბავშვსაც კი ესმის, რომ აქ გენგეგმა მეორეხარისხოვანია და მთავარი ფაქტორი დაურეგულირებელ საბაზრო ეკონომიკაში მშენებლობით სწრაფი და მარტივი მოგების ინტერესია, რომელსაც ვერავითარი ფორმალური იურიდიული დოკუმენტი წინ ვერ აღუდგება. ამის მაგალითად შეგვიძლია სხვა სფეროები ავიღოთ, როგორიცაა გარემოს დაცვა, ჯანდაცვა ან სხვა. შორს რომ არ წავიდეთ, 2014 წლიდან თბილისს აქვს მიწათსარგებლობის გეგმა (ახალი გენგეგმაც დიდწილად მას ეყრდნობა), რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ზონებს, კოეფიციენტებს და სხვა პარამეტრებს და რომლის დაცვის შემთხვევაში თავიდან ავირიდიებდით ბევრ ქაოტურ განაშენიანებას. პრობლემა ის იყო, რომ ამ გეგმას არავინ იცავდა. სპეცნებართვების და ზონალური ცვლილებების გზით მშენებლობა თავისი (მაქსიმალური მოგების) გზით მიდიოდა და მიწათსარგებლობის გეგმა მას ერგებოდა. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, როდესაც ქვეყანაში ყველაზე პრიორიტეტული საინვესტიციო მიმარტულება მშენებლობაა.

მერობის ყოფილ კანდიდატს არ ესმის, რომ პრობლემა არა ლეგალური, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათისაა და მის მიერ დახატული სურათი, თითქოს ამ გენგეგმის მიღებით ქალაქის ცხოვრებაში რაღაც ახალი ერა დაიწყებოდა, მცდარია. აპრიორი, იურიდიული დოკუმენტი, რაც არ უნდა კარგი იყოს ის, არ განსაზღვრავს ცხოვრების მიმართულების მკვეთრ ცვლილებას სათანადო პოლიტიკის განხორციელების გარეშე. საერთოდ, კარგი იქნება ისიც ითქვას, რომ ძველი მიწასთსარგებლობის გეგმა და ახალი გენგეგმა არსებითად ერთი ტიპის დოკუმენტებია. იურიდიულ დოკუმენტებში ახალ გენგეგმასაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ჰქვია და დავალებაც შესაბამისად იყო გაცემული - არსებული მიწათსარგებლობის გეგმის განახლება.

ელისაშვილს ჰგონია, რომ ახალი გენგეგმა პასუხს სცემს კითხვას თუ როგორ ქალაქში გვინდა ცხოვრება. მართლაც, დოკუმენტში საუბარია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე, რომლებიც ერთი შეხედვით, ქალაქის კონცეპტუალურ ჩარჩოს განსაზღვრავს: ესენია, 1. მწვანე ქალაქი, 2. პოლიცენტრული ქალაქი, 3. შეკავშირებული ქალაქი და 4. ინტენსიურად (არსებულ ფარგლებში) ზრდადი ქალაქი. თავისთავად, ეს პრინციპები მისაღებია, და ნებისმიერ ურბანული თემატიკისადმი მიძღვნილ მეინსტრიმულ ვებგვერდზეც კი ვხვდებით მათ პროპაგანდას, მაგრამ მეორე საკითხია როგორ აისახება ეს იდეები წარმოდგენილ დოკუმენტში, რამდენად თანხვედრაშია ეს მიზნები არსებულ ეკონომიკურ თუ ისტორიულ რეალობასთან და რა გზებითაა შესაძლებელი ამ მიზნების მიღწევა.

ისტორია გვაჩვენებს, რომ განვითარების პროცესი საფეხურეობრივია. შეუძლებელია განვითარებას გადაახტე, თუმცა შესაძლებელია ამ გზის სწრაფი გავლა. ყველა მაგალითი გვაჩვენებს, რომ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო მხოლოდ ეკონომიკური განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი საზოგადოებების ფუფუნებაა. ისეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანამაც კი, როგორიც ჩინეთია, მხოლოდ ბოლო წლებში მოახერხა საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის გამოსწორებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოსთვის და კონკრეტულად თბილისისთვის, თავისი ჩამორჩენილი ეკონომიკით, უმუშევრობის დონითა და სოციალური პრობლემებით, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე გადის.

ახალი  ”გენგეგმა, თბილისს პოსტინდუსტრიულ ქალაქად განიხილავს, რომელმაც ყოფილი ინდუსტრიული ზონები, .. ბრაუნფილდები მშენებლობისთვის უნდა გამოიყენოს. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე და ცხოვრების დონის ინდიკატორად ტურისტების რაოდენობიდან გამოყვანილი მაჩვენებელი სახელდება. ფაქტიურად, გენგეგმა მიჰყვება ქალაქის დღეს დამკვიდრებული ეკონომიკური განვითარების მოდელს, რომელიც ტურიზმს და მშენებლობას ეყრდნობა. ფაქტიურად არაფერია ნათქვამი ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე. შესაბამისად, თბილისის პოსტინდუსტრიულ ქალაქად, პოზიტიურ კონტექსტში წარმოდგენა და მისი ყოფილი ინდუსტრიული ზონების სამშენებლო მოედნებად  გადაქცევა, გენგეგმის სამუშაო ჯგუფის, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილო ეკონომიკურ ხედვაზე მეტყველებს. რათქმაუნდა, ამ გზით ვერც ეკონომიკის და მით უმეტეს, ვერც საარსებო გარემოს ხარისხის გაუმჯობესება ვერ მოხერხდება.

აქედან გამომდინარე, გენგეგმის ჯგუფს მწვანე ქალაქის იდეის რეალობად ქცევის კონკრეტული გზები (კარგი ცხოვრების აღწერის გარდა) არც აქვს და ვერც ექნება წარმოდგენილი. აღარაფერს ვამბობ კონკრეტულ გეგმარებით გადაწყვეტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კონცეფციას. მაგალითად, საუბარია მწვანე ქალაქზე და ამავე დროს ხორციელდება ქალაქში გამავალი რკინიგზის ხაზის წყვეტა და მის ადგილას ავტომაგისტრალის გაყვანა. დღეს, ყველა განვითარებული ქვეყანა ცდილობს რკინიგზის მაქსიმალურ გამოყენებას შიდასაქალაქო, აგლომერაციული, რეგიონული თუ საერთაშორისო მგზავრთა გადასაყვანად, რადგან არის იაფი, ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტური. ახალი გენგეგმა კი მის ადგილს ავტომობილს უთმობს. მწვანე ქალაქის კონცეფციას ეწინააღმდეგება ასევე ახალი გენგეგმის მიერ მრავალი არსებული სარეკრეაციო ზონის გაუქმება.

პოლიცენტრული ქალაქის პრინციპი ახალ გენგეგმაში შემოიფარგლება ქალაქის სხვადასხვა უბნებში, თავისთავად ჩამოყალიბებული ეკონომიკური ცენტრების იდენტიფიცირებით. არ არის წარმოდგენილი არანაირი სტრატეგია თუ სად უნდა მოხდეს ახალი ცენტრების გაჩენა, რა ეკონომიკური და სოციალური წინაპირობები არსებობს ამისთვის, რა ზომები უნდა გაატაროს ამ მიზნის მისაღწევად ქალაქმა და .. ამ შემთხვევაში, გენგეგმის ავტორებმა აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ის, რაც ყველა ჩვეულებრივმა მოქალაქემ ისედაც კარგად იცის თავისი ყოველდღიურობიდან.

რკინიგზის ხაზის გაწყვეტა ასევე ეწინააღმდეგება შეკავშირებული ქალაქის იდეას. ამის გარდა, ახალი გენგეგმა ითვალისწინებს მრავალი ხიდისა და მაგისტრალის მშენებლობას, რომლებიც თავად გენგეგმის ავტორების აზრით, სამომავლოდ ჩასატარებელ კვლევებს ეფუძნება. არცერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი არაა დასაბუთებული სათანადო კვლევით. ესეიგი, იქმნება პარადოქსული მდგომარეობა - ერთის მხრივ, გენგეგმის ჯგუფი გვთავაზობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მეორეს მხრივ კი არ უწარმოებია კვლევები ამ პროექტების აუცილებლობის დასასაბუთებლად. კვლევები არ არსებობს არც სხვა მიმართულებებით.

რაც შეეხება ინტენსიურად მზარდი ქალაქის იდეას. ამისთვის მთავარი მექანიზმი მიწათსარგებლობის რეგლამენტები უნდა იყოს. გენგეგმის ავტორებს არ აქვთ წარმოდგენილი არსებული მიწათსარგებლობის რეჟიმების ცვლილებების არანაირი დასაბუთება. მაგალითად, დიდი დიღმის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე ტერიტორიებს, სადაც დღეს დაბალი სიმჭიდროვის მშენებლობა მიმდინარეობს,  დღეს არსებულ მიწათსარგებლობის გეგმაში საცხოვრებელი ზონა 5 და 3 ადევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ, ქალაქისთვის ძვირფას და შეზღუდული რაოდენობის მიწაზე შესაძლოა მაღალი სიმჭიდროვის განაშენიანება. ახალმა გენგეგმამ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საცხოვრებელი ზონა 2 დაადო, რაც დაბალ სიმჭიდროვეს ითვალისწინებს. იმის გარდა, რომ ასეთი ცვლილება მეთოდოლოგიურად მიუღებელია, ის ეწინააღმდეგება ქალაქის ინტენსიურად ზრდის იდეას და გვთავაზობს რომ ეს ტერიტორია სუბურბანულ, დაბალი სიმჭიდროვის არეალად დარჩეს.

გენგეგმის ავტორები პირდაპირ აცხადებენ, რომ ქალაქის ზრდა უნდა მოხდეს არა განაშენიანების განფენის, არამედ არსებული დაბალი სიმჭიდროვის არეალების გამჭიდროების ხარჯზე. მტკვრის მარცხენა სანაპირო, ნაძალადევიდან ზემო ავლაბრამდე, რკინიგზის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, ყველაზე მასშტაბური ასეთი არეალია. გენგეგმა არცერთ სიტყვას არ ამბობს ამ უბანთან მიდგომის სტრატეგიაზე. მასზე დატანიალია დიდი ლაქა საცხოვრებელი ზონა, რომელიც არაფერს განსაზღვრავს - არანაირ განაშენიანების რეგლამენტს არ აწესებს, გარდა არსებული მდგომარეობის ასახვისა. ეს ორი მაგალითი მოწმობს, რომ ახალი გენგეგმა მის მიერვე წარმოდგენილ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას ეწინააღმდეგება ან აიგნორებს.

ამასთან ერთად, ახალი დოკუმენტი არ ითვალისწინებს მიმდინარე პროცესებს. მაგალითად, მერიის მიერ გაკეთებულ შენიშვნებში ჩანს, სამუშაო ჯგუფს არ შეუსწავლია განაშენიანების რეგულირების გეგმებზე ბოლო დროს გაცემული ნებართვები, რაც წარმოდგენილი მიწათსარგებლობის სურათს მნიშვნელოვნად ცვლისარ არის წარმოდგენილი სტრატეგიული მიმართულებების განხორციელების რიგითობა და ერთმანეთთან ინტეგრაციის ხედვა, არ არის გათვალისწინებული მერიის საბიუჯეტო შესაძლებლობები. ფაქტობრივად, გენგეგმის ჯგუფს არ უმუშავია მერიის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა გაერკვია სამსახურის ძირითადი გეგმები და შესაძლებლობები. აშკარაა, რომ ახალი გენგეგმის დამუშავება მოხდა იზოლირებულად, ქალაქის განვითარებაში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე, რაც საფუძველს აცლის მის ლეგიტიმურობას და ვალიდურობას.

რათქმაუნდა, პრობლემაა წინა ხელისუფლების მიერ ჩაბარებული პროექტის სტადიები. ჩემთვის შეუძლებელია იმის თქმა, თუ რატომ იბარებდა მერია განხორციელებული სამუშაოების ეტაპებს, მაგრამ საბოლოო დოკუმენტის ხარისხი ცხადყოფს, რომ ახალი მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა მხოლოდ მერიის სამსახურების მუშაობის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული. თუმცაელისაშვილი სერიოზულ ბრალდებას უყენებს მერიას, რომ თითქოს, დოკუმენტის არმიღებით, ის დეველოპერების ინტერესებს ლობირებს. სინამდვილეში, დეველოპერების პირდაპირი ინტერესია რკინიგზის ხაზის გაწყვეტა და ამით ქალაქის ცენტრში 80 ჰექტარზე მეტი მიწის გამოთავისუფლება. ასევე დეველოპერების ინტერესშია .. ”ბრაუნფილდების”, ყოფილი ინდუსტრიული ზონების სამშენებლოდ ათვისება, რასაც ახალიგენგეგმაითვალისწინებს. საერთოდ, ის ფორმა, როგორც დამუშავდა ახალი "გენგეგმა" - ტენდერზე გატანით, დოკუმენტში დეველოპერების და ზოგადად, კერძო სექტორის ინტერესების ლობირების შანსს ზრდის და ისტორია გვაჩვენებს, რომ ეს ხშირად ასეც ხდება. საჯარო ინტერესების დამცველმა პოლიტიკოსმა, პროვოკაციული ბრალდებების ნაცვლად უნდა განაცხადოსრომ დაუშვებელია ქალაქის პოლიტიკა კერძო კომპანიამ დაამუშაოს. ის უნდა მუშავდებოდეს თავად ქალაქის მთავრობის მიერ საკუთარი პოლიტიკური ხედვების და პროგრამების შესაბამისად

ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, პირველ რიგში იდეოლოგიური და პოლიტიკური პროექციაა. ამ მხრივ, ახალი გენგეგმა მეინსტრიმული დისკურსის იდეოლოგიური პროდუქტია. იმის გარდა, რომ მას უამრავი მეთოდოლოგიური და ტექნიკური ხარვეზი აქვს, მისი კრიტიკის მთავარმა ხაზმა ამ მიმართულებით უნდა გაიაროს. ის ცდილობს აიღოს განვითარებულ ეკონომიკებში დამკვიდრებული,  იდეები და არსებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეალობის გაუთვალისწინებლად თბილისის განვითარებას მოარგოს. ამის მკაფიო ილუსტრაციაა მისი პრიორიტეტები და საკვანძო მიმართულებები. ის ბევრს საუბროობს მტკვრის სანაპიროების მოწესრიგებაზე და ველობილიკებზე, მაგრამ არაფერს ამბობს ქალაქში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და სივრცით უთანასწორობაზე; გვისახავს ინდუსტრიული ზონების განაშენიანების გეგმას, მაგრამ არ გვეუბნება სად განვათავსოთ რეალური სექტორის ეკონომიკური აქტივობები, რაც სტაბილური დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი მყარი საფუძველია; გვირჩევს ქალაქის ექსტენსიურ ზრდას, მაგრამ არ გვეუბნება რა გზებითაა შესაძლებელი არსებული საბინაო კრიზისის დაძლევა და .. მთლიანობაში გენგეგმის იდეოლოგია არის ადგილობრივი მმართველი კლასის კოლონიალური აზროვნების ნიმუში, სადაც სააზროვნო ჩარჩო განსაზღვრულია ცენტრიდან წამოსული კლიშეებითა და მითოლოგიებით და აფერხებს განვითარების მიმართ შემოქმედებით მიდგომას. არადა, მხოლოდ ასეთი მიდგომითაა შესაძლებელი რეალური განვითარებაეს ტენდენცია მხოლოდ გენგეგმასთან მიმართებით არ შეინიშნება. დღეს მთავრობის მთელი პოლიტიკა დაახლოებით ამ გზას გადის, რაც ვერ უზრუნველყოფს ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეების რეალური საჭიროებების და პრობლემების სწრაფ და ქმედით გადაჭრას



No comments: